რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ქმედებები გაუაზრებელი ნაბიჯებია, რომელიც ქვეყანას აზარალებს
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ქმედებები გაუაზრებელი ნაბიჯებია, რომელიც ქვეყანას აზარალებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები გაუაზრებელი ნაბიჯებია, რომელიც ქვეყანას აზარალებს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ თავის გადარჩენის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მიმდინარეობს.

„ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ის ანგარიშს არავითარ სხვა სერიოზულ ძალებს არ უწევს, მათ შორის აშშ-ს საელჩოს განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ძალიან მძიმეა და რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს. ის, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ხდება, კერძოდ, მისი აქციები თითქმის 14%-ით გაუფასურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ნაგროვები, სიმწრით ნაშოვი კაპიტალი ერთ დღეში დაეკარგათ. ეს არის დანაშაული, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა”, – აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ერთის მხრივ, ანაკლიის პორტის ჩაძირვა ხდება, მეორეს მხრივ კი, საფინანსო სისტემის სრული კონტროლის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტების ჩამოცილება და პოლიტიკური დევნა.

„ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის. როგორც ხედავთ, ამის გაჩერება საერთაშორისო ზემოქმედებითაც კი ვერ ხდება. ერთადერთი უებარი წამალი ხალხია. ხალხმა თავნება მმართველობის ხარბი მადა არაერთხელ გააჩერა, ხალხი ამას გააჩერებს და ეს 2020 წელს უნდა მოხდეს, თუ ხელისუფლებამ 2020 წლამდე მიაღწია იმდენ დანაშაულსა და შეცდომას სჩადიან”, – განაცხადა გოცირიძემ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ  გადასცეს.