„როიტერის“ ინფორმაციით, ვარშავაში, ეროვნულ სტადიონზე დროებითი საავადმყოფოს მოწყობა იგეგმება
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეროვნულ სტადიონზე დროებითი საავადმყოფოს მოწყობა იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანის მაშტაბით საავადმყოფოები გადავსებულია.
„შაბათს, პრემიერ-მინისტრმა გასცა განკარგულება, რომ დაიწყოს პირველი დროებითი საავადმყოფოს მომზადება, რომელიც ეროვნულ სტადიონზე განთავსდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, მიხაილ დვორჩეკმა.
მისი თქმით, დროებითი საავადმყოფოები მოეწყობა რეგიონებშიც.
პოლონეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ კვირას, პოლონეთის მთავრობამ მოუწოდა მოსახლეობას, დარჩენილიყვნენ სახლში. ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რესტორნებისთვის კი, სამუშაო საათები შემცირდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ცდილობენ, თავიდან აიცილონ მკაცრი კარანტინის დაწესება, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ სიტუაცია კრიტიკული გახდება, ეს გარდაუვალი იქნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 175 766 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 573 ადამიანი.