„როიტერის“ ცნობით, სი ძინპინი ინდოეთში მომავალი კვირისთვის დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს, სავარაუდოდ, არ დაესწრება
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, სავარაუდოდ, გამოტოვებს ინდოეთში მომავალ კვირას დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტოს „დიდი ოცეულის“ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებმა და მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, მათ შორის, ორმა ინდოელმა მაღალჩინოსანმა, სამიტზე ჩინეთის სახელით მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი. „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეხვედრა ნიუ დელიში 9-10 სექტემბერს გაიმართება.
„დიდი ოცეულის“ სამიტი განიხილებოდა, როგორც აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა. მათი ბოლო შეხვედრა გასულ წელს ნოემბერში, ბალიზე გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ის ნიუ დელიში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება და რუსეთს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.