„როიტერი“ - სომხეთის მთავრობა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფს
ოფიციალური ერევანი სომხეთის ჯარების მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი” ავრცელებს.
საუბარია აზერბაიჯანულ მედიაში მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის ჯარს ღამით ცეცხლი გაუხსნეს და აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა „საპასუხო ზომები“ მიიღეს.
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის, გერმანიის, ირანის, საქართველოს ლიდერებთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
სომხური მხარის ცნობით, სატელეფონო საუბრებში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საზღვარზე დაძაბულობა მატულობს და აზერბაიჯანი ჯარების მობილიზაციას ახდენს მთიანი ყარაბაღის გარშემო. აღნიშნული ინფორმაცია უარყო ოფიციალურმა ბაქომ და თავის მხრივ, სომხეთი დაადანაშაულა ჯარების მობილიზებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მზადაა, სასწრაფოდ გამართოს შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ამასთან, როგორც „როიტერს“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა განუცხადა, ბაქოს ასეთი შეთავაზება არ მიუღია.
„როიტერის“ ცნობით, ბაქოსა და ერევნის მცხოვრებლებმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ახალი ომის ეშინიათ.