ქაბულში აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც.
როგორც ცნობილია, თავდასხმის სამიზნე პოლიციის განყოფილება იყო. თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი სწორედ პოლიციის სამმართველოსთან ახლოს აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
ცენტრალური აზიის ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც მოძრაობა „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მერვე რაუნდი გაიმართა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, „თალიბანის“ და აშშ-ის წარმომადგენლები ისტორიული პაქტის მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.