„როიტერი“ - „მეტა“ შექმნის ჯგუფს ევროკავშირის არჩევნებში დეზინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებასთან საბრძოლველად
„ფეისბუქის“ მფლობელი კომპანია „მეტა“ ჩამოაყალიბებს ჯგუფს დეზინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც მედია წერს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ და მისმა უნარმა, წამებში შექმნას ტექსტი, გამოსახულება ან ვიდეო, გააძლიერა საფრთხე, რომ ახალი ტექნოლოგია, შესაძლოა, გამოყენებული იქნას არჩევნებში ხელის შეშლისთვის.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ გავააქტიურებთ არჩევნების ოპერაციულ ცენტრს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის და რეალური დროის რეჟიმში მათ შესამსუბუქებლად ზომების მისაღებად“, – აღნიშნულია „მეტას“ ევროკავშირის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის, მარკო პანჩინის განცხადებაში.
მისი თქმით, კომპანიის დაზვერვის, მონაცემთა დამუშავების, ინჟინერიის, კვლევების, ოპერაციების, კონტენტის პოლიტიკისა და იურიდიული განყოფილებებიდან ექსპერტები ძალისხმევას მიმართავენ დეზინფორმაციის, გავლენის ოპერაციების და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების რისკების წინააღმდეგ საბრძოლველად.
როგორც მედია წერს, „მეტა“, რომელიც ამჟამად თანამშრომლობს ევროკავშირში ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე 26 ორგანიზაციასთან, დაამატებს სამ ახალ პარტნიორ ორგანიზაციას ბულგარეთში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება. „მეტა“, „მაიკროსოფტი“, OpenAI და კიდევ 17 ტექნოლოგიური კომპანია მიმდინარე თვეში შეთანხმდნენ, ერთად იმუშაონ, რათა აღკვეთონ მიმდინარე წელს მსოფლიოში დაგეგმილ არჩევნებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შეცდომაში შემყვანი მასალების ჩარევა.