„როიტერი“ - იტალია ნიგერის დედაქალაქიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეციალურ ფრენებს ნიშნავს, ხოლო ესპანეთის მთავრობა 70-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაციისთვის ემზადება
იტალია სპეციალურ ფრენებს ნიშნავს ნიგერის დედაქალაქიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
„იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, შესთავაზოს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ნიგერის დედაქალაქ ნიამეში იმყოფებიან, დატოვონ ქალაქი სპეციალური რეისით“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
იტალიაში განაცხადეს, რომ ფრენის შეთავაზება არ ნიშნავს ევაკუაციის ოფიციალურ დაწყებას.
ამავდროულად, ესპანეთის მთავრობა ემზადება 70-ზე მეტი ესპანელის ევაკუაციისთვის. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარი თქვა დამატებითი დეტალების მიწოდებაზე, მაგალითად, გაგზავნის თუ არა ესპანეთი საკუთარ თვითმფრინავს.
ქვეყნებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საფრანგეთმა განაცხადა, რომ აპირებს საკუთარი და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციას მას შემდეგ, რაც ნიგერმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა და ყველა კომერციული ფრენა გააუქმა.