„როიტერი“ - ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს მეუღლის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო გადადგომისკენ მოუწოდებენ
ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს მისი მეუღლის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო გადადგომისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გადადგომის შესახებ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერის მეუღლე იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომელიც, სანქციების მიუხედავად, რუსეთში მუშაობას აგრძელებს.
მედიის ცნობით, კაია კალასის მეუღლე არვი ჰალიკა ფლობს წილს სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics-ში, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, ხოლო კაია კალასი ქმრის კომპანიას ფინანსურ დახმარებას უწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის მომსახურებით მან 1,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ორმა მსხვილმა ესტონურმა გამოცემამ პრემიერს გადადგომისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
თავად ესტონეთის პრემიერის განცხადებით, არ სჯერა, რომ მისი მეუღლის კომპანია არაკანონიერ ქმედებებშია ჩართული. „ის, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ ჩემი ქმრის კომპანიები არ ეწევიან ამორალურ საქმიანობას“, – განაცხადა კალასმა.
კალასის მეუღლე კი აცხადებს, რომ კომპანიაში არსებულ თავის წილს ყიდის.
გავრცელებული ინფორმაციით, კალასმა, რომელმაც დეკემბერში 350 000 ევრომდე სესხი გამოუყო თავისი მეუღლის ბიზნესს, დეკემბერში ესტონეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას რუსული ნიკელის ტრანსპორტირება აუკრძალა.
ესტონეთის პრეზიდენტმა და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალური განმარტება გააკეთოს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. კაია კალასი კი ევროპულ ბიზნესებს მოსკოვთან კავშირების გაწყვეტისკენ აქტიურად მოუწოდებდა.
რუსეთში მეუღლის ბიზნესსაქმიანობის შესახებ კაია კალასის კომენტარი ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 24 აგვისტოს გაავრცელა. როგორც ესტონეთის პრემიერმა განაცხადა, რუსეთში მეუღლის ბიზნესსაქმიანობის შესახებ ორშაბათს შეიტყო და მისი კომპანია რუსეთში საქმიანობას სექტემბერში დაასრულებს. ესტონეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ Stark Logistics-ს არ დაურღვევია სანქციები.
ამასთან, პორტალ „დელფისთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გადადგომაზე ფიქრის მიზეზებს ვერ ხედავს. „მე ვერ ვხედავ გადადგომის საკითხის განხილვის აუცილებლობას, რადგან არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. ჩემს ქმარს ცუდი არაფერი ჩაუდენია“, – აღნიშნა კალასმა.