„როიტერი“ - ეკვადორში კრიმინალური ჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი ციხის თანამშრომლები გაათავისუფლეს
ეკვადორში კრიმინალური ჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი ციხის თანამშრომლები გაათავისუფლეს.
როგორც „როიტერი“ წერს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები და პოლიცია მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, ეკვადორში დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრებს ციხეების 160-ზე მეტი თანამშრომელი 9 იანვრიდან ჰყავდათ დაკავებული. მათ გათავისუფლებას მიესალმა ქვეყნის პრეზიდენტი დანიელ ნობოა. მან პირობა დადო, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.
ეკვადორში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრები ტელევიზიაში შეიჭრნენ, პარალელურად, რამდენიმე ქალაქში მოხდა აფეთქება და კრიმინალები თავს დაესხნენ პოლიციას. მთავრობის განმარტებით, ბოროტმოქმედები ამ გზით ცდილობენ, ხელი შეუშალონ ხელისუფლების კრიმინალებთან ბრძოლას. მომხდარის გამო ეკვადორის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიციისა და ეკვადორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამ დრომდე დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან დაკავშირებული 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.