„როიტერი“ - ჩინეთი უკრაინას აფრთხილებს, რომ ჩინური კომპანიების ე.წ. ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანით, შესაძლოა, ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობა დაზიანდეს
ჩინეთმა უკრაინა გაფრთხილა, რომ ჩინური კომპანიების „ომის საერთაშორისო სპონსორად“ დასახელებით, შესაძლოა, ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობა დაზიანდეს. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ უკრაინულმა წყარომ განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, გაფრთხილება უკრაინამ გასულ თვეში მიიღო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკრაინაში ჩინეთის საელჩოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
უკრაინამ ე.წ. ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 48 კომპანია შეიყვანა, მათ შორის 14 ჩინური კომპანიაა. უკრაინაში მიიჩნევენ, რომ ამ კომპანიების საქმიანობა ირიბად ეხმარება ან ხელს უწყობს უკრაინაში რუსეთის ომს.