„როიტერი“ - აფრიკის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ომის დასასრულებლად სამშვიდობო გეგმა წარუდგინეს და მარცვლეულის შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდეს
აფრიკის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ომის დასასრულებლად სამშვიდობო გეგმა წარუდგინეს და მარცვლეულის შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„აფრიკული მშვიდობის ინიციატივა იმსახურებს დიდ ყურადღებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპაში მშვიდობის აღდგენისკენ“, – განაცხადა კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის სასოუ ნგესომ სანკტ-პეტერბურგში გამართულ სამიტზე.
ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ მოუწოდა რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ.
მისი თქმით, ეგვიპტე მარცვლეულის მთავარი მყიდველია და შეთანხმების მიღწევას მისი ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდა დასავლური პოლიტიკის შეცდომების შედეგია, თუმცა ამასთან ერთად მოსკოვში აღნიშნეს, რომ პატივს სცემენ აფრიკის სამშვიდობო წინადადებას უკრაინასთან დაკავშირებით და ყურადღებით შეისწავლიან მას.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სამიტზე დამსწრე ექვს ქვეყანას უახლოეს თვეებში რუსულ მარცვლეულს უფასოდ მიაწოდებს.
ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის საწყობებზე თავდასხმას, რამაც, როგორც მედია წერს, მარცვლეულის გლობალური ფასები გაზარდა.