როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა საქმის განმხილველად ნაფიცი მსაჯულები აირჩია
როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა საქმის განმხილველად ნაფიცი მსაჯულები აირჩია

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულთა ნაწილმა საქმის განმხილველად ნაფიცი მსაჯულები აირჩია. ნაფიცი მსაჯულები სამმა ბრალდებულმა, ალი ბალაძემ, მამუკა ბერიძემ და მირზა კონცელიძემ აირჩიეს.

როგორც ადვოკატებმა განმარტეს, საერთოდ არ ეთანხმებიან საქმის არსებით განხილვაზე გადასვლის ეტაპს და დევნის შეწყვეტას ითხოვენ, თუმცა, თუ მოსამართლე ჩათვლიდა, რომ საქმე არსებითად უნდა განხილულიყო, განხილვას საზოგადოების წარმომადგენლებს ანდობდნენ.

დანარჩენმა ხუთმა ბრალდებულმა უარი თქვა ნაფიც მსაჯულებზე. მათი საქმეც არსებით განხილვაზე გადასცა მოსამართლემ. მათგან ოთხი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დღესვე მოსამართლემ ორივე მხარის, ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებები მიიღო და დაურთო საქმეს. მტკიცებულებათა დაუშვებლობასთან დაკავშირებით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არცერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მოსამართლემ 27 ნოემბერს ჩანიშნა. 27 ნოემბერსვე ჩანიშნა გამოყოფილ საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლესთან.