როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, აჭარის კუდ-ის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის კუდ-ის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი ცნო დამნაშავედ და მათ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სამი მსჯავრდებულიდან – გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილი აჭარის კუდ-ის სპეცრაზმელები, მალხაზ აბულაძე კი აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.
აბულაძე ინტერპოლით იძებნება, ხოლო გელა გვიანიძემ და ასლან ინაიშვილმა შავაძის ლიკვიდაციის ადგილზე ყოფნა დაადასტურეს, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტეს, რომ არ გაუსვრიათ, ვერც დაინახეს მისი მკვლელობა, მხოლოდ მოკლული დაინახეს. მათივე განმარტებით, მათ იარაღზე არ აღმოჩნდა არც დენთის კვალი და არც ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მათი იარაღიდან მოხდა გასროლა.
მათივე განმარტებით, ხელმძღვანელებმა განუცხადეს, რომ მოღალატე იყო დასაჭერი.
მათი თქმით, სპეცოპერაციის დროს აჭარის კუდ-ის უფროსი თეიმურაზ პატარიძეც დაინახეს. აღნიშნეს, რომ სპეცრაზმელები ხელმძღვანელობის დავალებებს ასრულებდნენ და რომ მათ საქმის კურსში არავინ აყენებდა.
„პატარიძე იყო ჯარისკაცი, დაკავებული ჰყავდათ, მე ვერც პატარიძეს დავაკავებდი და ვერც ვერავის. პროკურატურაშიც ვიყავი, მთხოვდა პროკურატურა, ხელი დამედო ვიღაცებისთვის“, – განაცხადა ასლან ინაიშვილმა.
გელა გვიანიძემ განაცხადა, რომ თავის დროზე არ ფლობდა ინფორმაციას, რომ შავაძე მოსაკლავად წაიყვანეს.
„არავინ გვეკითხებოდა, ასლანის პერიოდის ყოფილი თანამშრომლები ვიყავით, არცერთ საქმეს არ გვანდობდნენ და არ გვაცნობდნენ: გაემზადეთ, ადგილზე მიხვალთ და გეტყვიან, სამშობლოს მოღალატე იქნებაო მანქანაში, შეჰყავდათ, არ უთქვამთ, რა ღალატი იყო, რა გააკეთა, მივდიოდით, ავიყვანდით, მოგვყავდა, მივდიოდით, ვასრულებდით დავალებებს. არავინ გვეკითხებოდა, რატომ, ვინ დააშავა, ჩვენი საქმე იყო შესრულება. აქ რასაც ვისმენთ, თურმე მოსაკლავად წაიყვანეს, დღემდე არ ვიცოდი, აქ ნათქვამი სცენარებით მივხვდი, რაში ყოფილა საქმე. სროლის ხმა გავიგე, გავიხედე, ეგდო ძირს, მკვლელი არ ვარ, წაქცეულ კაცს არ ვესვრი, გასროლა არ გამიკეთებია. უსაფრთხოების მოქმედი თანამშრომელი ვიყავი. შემოვბრუნდი, ვნახე, სცენარი იყო, ძირს არ გამისვრია, იარაღი გაუსროლელი იყო, დენთის კვალიც არ იყო იარაღზე“, – განაცხადა გვიანიძემ.
განაჩენის გამოცხადებას შავაძის მეუღლეც ესწრებოდა. ციცინო შავაძის განცხადებით, პასუხისგებაში 13 პირი მიეცა, თუმცა ისინი მხოლოდ შემსრულებლები არიან.
მისი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორები, მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებიც უნდა დაისაჯონ.