საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, შავაძეს 12-მდე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში ავტომანქანაში ჩასვეს
საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, შავაძეს 12-მდე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში ავტომანქანაში ჩასვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იკითხებიან ბათუმში მდებარე ოქროს ბირჟის თანამშრომლები.

როგორც ოქროს ბირჟის თანამშრომელმა, ჯაბა შარაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, შეიარაღებული სპეცრაზმელების გამოჩენა აგვისტოს ომის გაგრძელება ეგონა. შარაძის ჩვენებით, შავაძეს 5-10 წუთის განმავლობაში 10-12 სპეცრაზმელი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა და უგონო მდგომარეობაში ავტომანქანაში ჩასვეს.

დღესვე, ოქროს ბირჟის თანამშრომლების გარდა, რომლებიც შავაძეზე თავდასხმის დეტალებზე იკითხებიან, სასამართლოს ჩვენებას მისცემენ შავაძის კოლეგები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 2023 წლის 28 ივლისს დაიწყო.

შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა 29 ივლისს შეეფარდა.

„ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებენ პროკურატურაში.