როგორ შთაბერა სიცოცხლე წითელმა გიგანტმა ვარსკვლავმა მკვდარ კომპანიონ ვარსკვლავს
როგორ შთაბერა სიცოცხლე წითელმა გიგანტმა ვარსკვლავმა მკვდარ კომპანიონ ვარსკვლავს

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კოსმოსური ობსერვატორია Integral-ი უიშვიათესი მოვლენის მომსწრე გახდა – მომენტი, როდესაც გაბერილი წითელი გიგანტი ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილმა ქარებმა გააცოცხლა თავის ნელა მბრუნავი კომპანიონი, მკვდარი ვარსკვლავის ბირთვი, რომელსაც სიცოცხლე კვლავ დაუბრუნდა და რენტგენული გამოსხივება დაიწყო.

რენტგენული გამოსხივების ანთება Integral-მა პირველად 2017 წლის 13 აგვისტოს დააფიქსირა გაურკვეველი წყაროდან, რომელიც ირმის ნახტომის გადაჭედილი ცენტრის მიმართულებით მდებარეობდა. ამ უცაბედი აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ატარებდნენ კვლევებს, რათა დამნაშავე ობიექტი ეპოვათ.

დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა ძლიერ მაგნეტიზებული და ნელა მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელსაც სავარაუდოდ, სულ ახალი დაწყებული ჰქონდა მეზობელი წითელი გიგანტი ვარსკვლავის მატერიით კვება.


მზის მასის მქონე და მასზე რვაჯერ მძიმე ვარსკვლავები სიცოცხლის მიწურულს წითელ გიგანტებად გადაიქცევიან. მათი ზედა ფენები იბერება და ივრცობა მილიონობით კილომეტრის მანძილზე. ცენტრიდან გამოიფრქვევა მათი მტვრიანი, გაზოვანი გარსები, რომლებიც შედარებით სუსტ, რამდენიმე ასეული კმ/წმ სიჩქარის ქარებს წარმოქმნიან.

უფრო დიდი, მზეზე 20-30-ჯერ მასიური ვარსკვლავები თავიანთ საწვავს ამოწურავენ და სუპერნოვად ფეთქდებიან. ზოგიერთი მათგანის ადგილას რჩება ძლიერი მაგნიტური ველის მქონე მბრუნავი ვარსკვლავური ნაშთი, რომელსაც ნეიტრონულ ვარსკვლავს უწოდებენ. ამ ციცქნა ბირთვის მასა მზისას დაახლოებით 1,5-ჯერ აღემატება, მაგრამ ზომით მხოლოდ 10 კმ სიგანისაა. ამის გამო, ისინი ცის ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ობიექტებია.

დაწყვილებული ვარსკვლავების პოვნა სულაც არ არის იშვიათი, მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავისა და წითელი გიგანტის ახლად აღმოჩენილი სისტემა განსაკუთრებულია და მიეკუთვნება „სიმბიოტურ რენტგენულ ბინარებს“. ამჟამად ჩვენთვის ცნობილია სულ რაღაც 10 ასეთი ობიექტი.

„Integral-მა დააფიქსირა უიშვიათესი ბინარული სისტემის დაბადების უნიკალური მომენტი. წითელმა გიგანტმა გარკვეული ოდენობის ნელი ქარი გამოაფრქვია, რაც საკმარისი აღმოჩნდა მისი კომპანიონი ნეიტრონული ვარსკვლავის საკვებად, რის შედეგადაც, პირველად ისტორიაში, მომსწრენი გავხდით მკვდარი ვარსკვლავის ბირთვის გაცოცხლებისა, რადგან მან მაღალენერგიული გამოსხივება დაიწყო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარი ენრიკო ბოცო.


ეს წყვილი მართლაც განსაკუთრებულია. ESA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა XMM-Newton-მა და NASA-ს NuSTAR-მა დაადგინეს, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი საკუთარი ბირთვის გარშემო ყოველ ორ საათში ერთხელ ბრუნავს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია სხვა ნეიტრონულ ვარსკვლავებთან შედარებით, რომლებიც ხშირად ერთ წამში ასრულებენ მრავალ ბრუნს. ამის შემდეგ, დადგინდა ისიც, რომ გასაოცრად ძლიერია ამ ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველი.

როგორც წესი, ძლიერი მაგნიტური ველი მიანიშნებს, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი ახალგაზრდაა, რადგან მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში სუსტდება. გაცილებით ბებერია წითელი გიგანტი ვარსკვლავი. უცნაური კი ის არის, როგორ მოხვდა ეს ორი ვარსკვლავი ერთად.

„ეს ობიექტები ნამდვილი გამოცანაა. შეიძლება ისიც, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში არ შესუსტდა, ან ნეიტრონული ვარსკვლავი ბინარული სისტემის გვიანდელ ეტაპზე წარმოიქმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წითელი გიგანტისგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კვების შედეგად, ნეიტრონულ ვარსკვლავად თეთრი ჯუჯა უნდა კოლაფსირებულიყო, ანუ, ნეიტრონულ ვარსკვლავად არ უნდა გადაქცეულიყო ტრადიციული გზით — მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქებით“, — ამბობს ენრიკო.

ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავისა და ბებერი წითელი გიგანტის სისტემაში, გარკვეულ მომენტში, წითელი გიგანტიდან გამოტყორცნილი ქარები პატარა ვარსკვლავზე დარტყმას იწყებს, ანელებს მის ბრუნვას და იწყებს რენტგენული გამოსხივების გამოყოფას.

ვარსკვლავის ევოლუცია

 

„Integral-ით კოსმოსს 15 წელიწადია ვიკვლევთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ეს ობიექტი პირველად შევნიშნეთ. შესაბამისად, გვჯერა, რომ რენტგენულად გარდაქმნა პირველად ვიხილეთ. ვაგრძელებთ დაკვირვებას, რათა გავარკვიოთ, როგორ მოიქცევა ის ამ ქარების პირობებში, მაგრამ ჯერ არ შეგვინიშნავს არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება“, — ამბობს ESA-ს Integral-ის პროექტის მეცნიერი ერკ კულკერსი.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი