როგორ შეუძლიათ ადამიანებს ირმის ნახტომის კოლონიზაცია [ვიდეო]
18:13, 27.06.2019
ალბათ ფანტასტიკის სფერო უფროა მოსაზრება, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, ადამიანები მზის სისტემას გასცდებიან და ვარსკვლავთშორისი სახეობა გახდებიან. თუმცა, ვინ იცის?
უფრო მეტიც, საკმარისი დროისა და შესაბამისი ტექნოლოგიების წყალობით, ერთ დღესაც ჩვენ შესაძლოა, მთლიანი ირმის ნახტომის კოლონიზაციაც შევძლოთ. მართალია, წარმოუდგენლად შორეული პერსპექტივაა, მაგრამ საინტერესოა, როგორი შეიძლება იყოს ეს პროცესი.
ამის წარმოდგენაში ევროპის კოსმოსური სააგენტოს Advanced Concepts Team (ACT)-ის მეცნიერები დაგვეხმარნენ. ცოტა ხნის წინ, მათ შექმნეს სიმულაცია, რომელიც აღწერს, როგორ შეიძლება მოახდინონ ადამიანებმა ირმის ნახტომის ოპტიმალური კოლონიზაცია.
ისინი მონაწილეობას იღებდნენ ტრაექტორიის ოპტიმიზაციის გლობალურ შეჯიბრში (GOTC X), რომლის თემაც გახლდათ „გალაქტიკის კოლონისტები“.
შეჯიბრის ფარგლებში, ჯგუფებს ენერგოეფექტური გზა უნდა ეპოვნათ რაც შეიძლება მეტი ვარსკვლავური სისტემის საცხოვრებლად ასათვისებლად.
წლევანდელი შეჯიბრის გამოწვევა იყო იმ მომავლის წარმოდგენა, რომელშიც ადამიანებს ტექნოლოგიებისა და ირმის ნახტომის მასშტაბით დასახლების საჭიროება აქვთ.
კონკრეტულად კი, ჯგუფებს უნდა მოეძებნათ 100 000 ვარსკვლავური სისტემის დასახლების გზები. ამისათვის უნდა გამოეყენებინათ პროპულსიური აჩქარების რაც შეიძლება პატარა ცვლილებები. სცენარი დღეიდან ათასობით წლის შემდგომ მომავალში ვითარდება.
შეჯიბრიც ცენტრალური იდეის მიხედვით, იმ მომენტისთვის, პროგრესი კაცობრიობას საშუალებას მისცემს კოსმოსში ისე იცხოვრონ, როგორც მანამდე არასდროს. შესაძლებელი გახდება თვითშენახვადი სამოსახლო ხომალდების შექმნა, რომლებიც კოსმოსში ასობით და ათასობით თაობის განმავლობაში იმოგზაურებენ და სხვადასხვა ვარსკვლავურ სისტემებში დასახლდებიან.
პროცესი უნდა დაიწყოს მზის სისტემის დატოვებით; სხვა ვარსკვლავურ სისტემებზე დასახლების შემდეგ კი კვლავ გაგრძელდეს. ჯგუფებს უნდა გაეთვალისწინებინათ კოლონიზაციის მთავარი მიზეზი — ადამიანები ამოწურავენ მზის სისტემის ბუნებრივ რესურსებს, რის გამოც აუცილებელია სხვა სისტემებში გავრცელება.
გალაქტიკური დასახლების მოდელის ილუსტრაციისთვის მათ სპეციალური ვიდეო მოამზადეს.
ვორკშოპზე განხილულ თემებს შორის იყო ე. წ. თაობათა ხომალდების აგება, რომლებიც ვარსკვლავებს შორის იმოგზაურებენ; მათი მუშაობის შიდა სისტემები, მიმართული ენერგიის პროპულსია და თვითგაცხელებადი მასალები.
ვიდეოს ნახვისას შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ მრავალფერ ფოიერვერკს უყურებთ. თუმცა სინამდვილეში, თქვენ ხედავთ როგორ ტოვებენ თაობათა ხომალდები მზის სისტემას (ყვითლად) და შემდეგ გადადიან ირმის ნახტომის ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე.
ლურჯი და მწვანე ხაზები წარმოადგენს თავდაპირველ ექსპანსიას; მათ მოსდევს წითელი ხაზები, რომლებიც სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან გაგზავნილ მისიებს ასახავს.
სიმულაციის დასასრულს, ირმის ნახტომის პერსევსისა და მშვილდოსნის სპირალურ მკლავებში უკვე ჩანს ადამიანთა დასახლებები. კოლონიზებულია გალაქტიკის მეორე მხარეც — ფარი-კენტავრის მკლავი.