როგორ ნადიმობენ დამშეული თეთრი ჯუჯები სხვა ვარსკვლავებისგან მოპარული მატერიით - ახალი აღმოჩენა
ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, დოქტორმა სიმონ სკარინჯიმ, მოულოდნელი და ამაღელვებელი აღმოჩენა გააკეთა თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთა ზრდასთან დაკავშირებით.
თეთრი ჯუჯა სწორედ ისაა, რაც ჩვენი მზე და მისი მსგავსი ვარსკვლავები გახდებიან მას შემდეგ, როცა ბირთვულ საწვავს ამოწურავენ. თეთრი ჯუჯები დაახლოებით დედამიწის ზომის მკვირივ ობიექტებია, მაგრამ მათი მასა მზის მასას უდრის. როგორც წესი, მასაში ისინი იზრდებიან კომპანიონი ვარსკვლავისგან გარე ფენების გამოსრუტვის გზით.
თეთრ ჯუჯათა უმეტესობა დიდი ხნის მანძილზე „არამაგნიტურად“ მიიჩნეოდა. როდესაც თეთრი ჯუჯები ძალიან დაბალი მაჩვენებლით იზრდებიან, მასას ისინი განსხვავებული და უცაბედი აფეთქებების შედეგად იღებენ, სადაც ისინი ძალიან მცირე ხნით „ნადიმობენ“, — ამბობს სკარინჯი.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში შეგროვილი მონაცემების კვლევისას, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ერთ-ერთი ასეთი არამაგნიტური თეთრი ჯუჯა იპოვა, რომელიც ისე იქცეოდა, თითქოს ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონდა.
„ვიხილეთ აკრეციის ძლიერ ანთებათა ეპიზოდები, რომლებსაც თან ახლდა პერიოდები, როდესაც აკრეცია (მატერიის შეზრდა) აღარ ხდებოდა. ეს შემთხვევითი აქტივობა საუკეთესოდ აიხსნება ძლიერი მაგნიტური ველის არსებობით“, — ამბობს სკარინჯი.
„ეს მაგნიტური ველი გზას უხსნის აკრეციას, რაც მატერიას ზრდის საშუალებას აძლევს მანამ, სანამ მას გრავიტაციული მიზიდულობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე მაგნიტური ძალები, რომლებიც უკან ეჭიდება და პირველად ისტორიაში, მიუთითებს, რომ თვით „არამაგნიტურ“ თეთრ ჯუჯებსაც კი შეუძლიათ ჰქონდეთ ძალიან ძლიერი მაგნიტური ველები“.
როგორც კვლევის ავტორი, დოქტორი სიმონ სკარინჯი აღნიშნავს, ეს კვლევა ამ დარგში ფუნდამენტურია. იყო იმის მინიშნებები, რომ აკრეციის დისკები არსებითად იმავე გზით იქცევიან აკრეტორებისგან დამოუკიდებლად — იქნება ეს თეთრი ჯუჯა, შავი ხვრელი, ნეიტრონული ვარსკვლავი თუ ახალგაზრდა პროტოვარსკვლავი.
„ამჯერად, უკვე გვაქვს დამატებითი მტკიცებულებები, რომ ამავე გზით მოქმედებენ ჩვენს კვლევაში მოხსენიებულის მსგავსი მაგნიტური აკრეტორებიც, მიუხედავად მათი წარმოშობისა“.
„მსგავსი აფეთქებები დაფიქსირებულია აკრეციის პროცესში მყოფ ნეიტრონულ ვარსკვლავებშიც, რომლებიც ზომით გაცილებით პატარაა და აქვთ გაცილებით მაღალი მაგნიტური ველი, ვიდრე ჩვენ მიერ შესწავლილ თეთრ ჯუჯას. იგივე ხდება მეორე უკიდურესობაში არსებულ ახალგაზრდა ობიექტებში, რომლებიც ზომით გაცილებით დიდები არიან და აქვთ უფრო სუსტი მაგნიტური ველები“, — აღნიშნავს სკარინჯი.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ავსებს ნაპრალს. ვარსკვლავ MV ქნარში (ნოვას მსგავსი განსაკუთრებული ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში, რომელიც შედეგება წითელი და თეთრი ჯუჯასაგან) მიმდინარე აკრეციის აფეთქებებზე ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სისტემის მაგნიტური ველის სიძლიერის გადანაწილება წარმოაჩენს მაგნიტურ ფილტრაციას (გეიტინგი — ამ შემთხვევაში პროცესი, რომელშიც მატერიის შესრუტვა პაუზებით მიმდინარეობს) და ხაზს უსვამს მაგნიტოსფერული აკრეციის უნივერსალურობას ვარსკვლავის უზარმაზარი პარამეტრების მასშტაბით.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა
მომზადებულია canterbury.ac.nz-ის მიხედვით