როგორ იბადება პლანეტები ახალგაზრდა ვარსკვლავთან — ALMA-ს ახალი ფოტო
როგორ იბადება პლანეტები ახალგაზრდა ვარსკვლავთან — ALMA-ს ახალი ფოტო

ჩვენგან 410 სინათლის წლის მანძილზე, გველისმჭერის თანავარსკვლავედში მოკალათებულ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში, ნელ-ნელა ფორმას იღებს მომაჯადოებელი პროტოპლანეტური დისკო სახელად AS 209.

თვალწარმტაცი ფოტო ჩილეში განთავსებულმა ტელესკოპმა ALMA-მ გადაიღო. სურათზე ცხადად ჩანს ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო გაწოლილი უცნაური ფორმის რგოლები და ნაპრალები.

პროტოპლანეტური დისკოები ეწოდება ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა გარშემო მბრუნავ გაზისა და მტვრის სიბრტყეებს. შეიცავს მატერიას, რომელიც ერთ მშვენიერ დღესაც გადაიქცევა ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტებად, მთვარეებად და სხვა მცირე სხეულებად. აღნიშნული სისტემა ძალიან ახალგაზრდაა, ასაკი მილიონ წელიწადზე ნაკლებია, მაგრამ უკვე აქვს დისკოსგან გამოკვეთილი ორი აშკარა ნაპრალი.

გარე ნაპრალი წარმოადგენს ღრმა, ფართო, მტვრისგან ძირითადად თავისუფალ ზონას, რაც ასტრონომებს არწმუნებს, რომ იქ სატურნის მასის გიგანტური პლანეტა მოძრაობს. თითქოს უცნაური არაფერია, მაგრამ მანძილი ამ პლანეტასა და დედავარსკვლავს შორის 800 სინათლის წუთია, მზესა და ნეპტუნს შორის არსებულ მანძილზე სამჯერ მეტი.

მაშინ, როცა პლანეტა ვარსკვლავის გარშემო საკუთარ გზას ამზადებს, მტვრის გროვები ორბიტის გარე კიდეებისკენ გადაიტყორცნება და დისკოში წარმოიქმნება უფრო მკაფიო რგოლები.

შიდა, მტვრის უფრო თხელი ნაპრალები წარმოქმნილი უნდა იყოს შედარებით პატარა პლანეტის მიერ. თუმცა, ასტრონომები უშვებენ იმ შესაძლებლობასაც, რომ ეს ნაპრალიც შორს მოძრავი, გიგანტური პლანეტის მიერ იყოს წარმოქმნილი.

დედავარსკვლავისგან ასე შორს არსებული სატურნის მსგავსი ეს პლანეტა მრავალ კითხვას წარმოშობს პროტოპლანეტური დისკოს კიდეებზე პლანეტათა ფორმაციის შესახებ, თანაც ძალიან მოკლე პერიოდში, რაც საკმაოდ იშვიათია.

მომზადებულია eso.org-ის მიხედვით