როგორ გავრცელდნენ უძველეს წარსულში ცხოველები სამხრეთ ამერიკიდან კარიბის ზღვის აუზში — #1tvმეცნიერება
არსებობს ერთი უცნაური საიდუმლო: უძველესი ნამარხები აჩვენებს, რომ სამხრეთ ამერიკული წარმოშობის ცხოველები კარიბის ზღვაში მდებარე ანტილის კუნძულებზეც იყვნენ, მაგრამ როგორ მოხვდნენ ისინი იქ, როცა ირგვლივ ზღვაა? ახალი კვლევის მიხედვით, პასუხი შემდეგია: ხმელეთის მასის გავლით, რომელიც შემდეგ ოკეანეში ჩაიძირა.
ცხადია, ეს ცხოველები კარიბის ზღვაში ასობით კილომეტრს ვერ გაცურავდნენ; შესაბამისად, ანტილის კუნძულებამდე მათ ან ოკეანეზე მოტივტივე, მდინარეების მიერ ჩატანილ მცენარეულობაზე გავლით მიაღწიეს, ან სამხრეთ ამერიკას ამ კუნძულებთან ერთ დროს ხმელეთის ხიდი აკავშირებდა, რომელიც ამჟამად გამქრალია.
ახალი კვლევა მეორე ჰიპოთეზას უჭერს მხარს და მიუთითებს, რომ მილიონობით წლის განმავლობაში, ტექტონიკური ფილების მოძრაობამ, მყინვარების გავრცელებამ და შეკუმშვამ, შესაძლოა, ველურ ბუნებას გადაადგილების გზა შეუქმნა.
„კარიბის ზღვის აუზი, მათ შორის დიდი და მცირე ანტილის კუნძულები, კარიბის ფილის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს და მიჩნეულია, რომ ერთ დროს ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი იყო კუნძულოვან ბიომრავალფეროვნებებს შორის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მათივე განცხადებით, მიუხედავად ათწლეულებით კვლევისა, ამ გასაოცარი ბიომრავალფეროვნების ფილოგენეტიკური წარმოშობა და ისტორიული ბიოგეოგრაფია კამათის საგნად რჩებოდა.
ჯგუფმა მოახდინა ტექტონიკური ფილების მოძრაობის მოდელირება დიდ და მცირე ანტილის კუნძულებისა და ევისის წყალქვეშა ქედს შორის, რამაც აჩვენა, როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო და კვლავ დაშლილიყო ხმელეთის მასები.
ამ არქიპელაგებისა და „მეგაკუნძულების“ გამოჩენასა და კვლავ გაქრობაზე ასევე გავლენა უნდა ჰქონოდა ზღვის დონის აწევა-დაწევას, რასაც მყინვარების დნობა აკონტროლებს; მეცნიერებმა ამ პროცესის 1,5 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობის მოდელირება მოახდინეს.
მკვლევრებმა გააანალიზეს რეგიონში ბოლო 40 წლის განმავლობაში შეგროვებული სეისმოლოგიური მონაცემები და კუნძულების ამჟამინდელი გეოგრაფია. შედეგად, ჯგუფმა წარსულში, ეოცენის ხანის გვიანდელ პერიოდში დაბრუნება შეძლო, კუნძულების სანაპიროები დაამთხვია იმ ხანას, როდესაც ისინი ოკეანეში უნდა წარმოქმნილიყო.
„გამოჩენის ეს ეპიზოდები შეიძლება მხარს უჭერდეს ეპიზოდური მეგაკუნძულების არსებობას, ისევე როგორც გარდამავალ დროებით სახმელეთო კავშირს დიდ და მცირე ანტილებსა და ევისის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს შორის“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, პლეისტოცენის ხანაში, გლაციალური მაქსიმუმების ეპიზოდებში, გამუდმებით წარმოიქმნებოდა არქიპელაგები და მეგაკუნძულები.
ხმელეთის ასეთი ხიდები იმაზე გავრცელებულია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ; ისინი მილიონობით წლის განმავლობაში არსებობდნენ და შემდეგ მილიონობით წლით ისევ უჩინარდებოდნენ. მაგალითად, ერთ დროს ასეთი დამაკავშირებელი არსებობდა რუსეთსა და კანადას, ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპას შორისაც.
ანტილების რეგიონში ხმელეთის მასების არსებობის იდეა ადრეც არსებობდა, მაგრამ ეს კონკრეტული ზონა ასე დეტალურად ჯერ არავის შეუსწავლია. მკვლევრებს სურთ, რომ იგივე მეთოდები მომავალში მთლიან კარიბის ფილას მოარგონ.
ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ შესასწავლია მცირე ანტილის კუნძულების რეგიონი, სადაც უფრო სრულყოფილი ნამარხებია აღმოჩენილი; საჭიროა, უკეთესად მოხდეს კუნძულ გვადალუპესა და ვენესუელის ზონის გეოგრაფიის რეკონსტრუქცია, რათა უფრო ზუსტად დადგინდეს მათ შორის ერთ დროს არსებული სახმელეთო კავშირის ამბავი.
კვლევა Earth-Science Reviews-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.