ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთის ქალაქ უხანის მოსახლეობა უკვე მეორე კვირაა, სრულ იზოლაციაშია. ABC News-ი აქვეყნებს დრონით გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ნახავთ, როგორ გამოიყურება ცარიელი ქალაქი.
23 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად უხანში კარანტინი გამოაცხადა; შეჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მატარებლების მოძრაობა, აიკრძალა ავიამიმოსვლაც. ეს გახლავთ უდიდესი კარანტინი კაცობრიობის ისტორიაში.
მეცნიერთა აზრით, ვირუსი, სახელად 2019-nCov ადამიანებში ცხოველებიდან გავრცელდა, უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში. უახლესი მონაცემებით, ამჟამად ინფიცირებულია 24 000-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 493 პაციენტს აღწევს. უკვე გამოჯანმრთელდა 915 დაინფიცირებული.
27 იანვარს ქალაქის ხელისუფლებამ უხანის საქმიან ნაწილში კერძო ავტომობილების გადაადგილებაც აკრძალა. მოძრაობის უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე მანქანებს აქვს, რომლებსაც საკვები გადააქვს.
შეიძლება ითქვას, რომ კარანტინმა 11-მილიონიანი უხანი მოჩვენებათა ქალაქად აქცია.
უხანის კარანტინიდან მალევე, ხელისუფლებამ იზოლაციაში მოაქცია 15 მიმდებარე ქალაქიც. შედეგად, გარესამყაროს მოსწყდა 45 მილიონამდე ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უხანის მცხოვრებლები ძირითადად სახლებში რჩებიან და გარეთ იშვიათად გადიან, ისიც საკვებისა და ნიღბების შესაძენად. სუპერმარკეტების თანამშრომლები მთლიანად დამცავ კოსტიუმებში არიან გამოწყობილი.
„რეიტერის“ (Reuters) ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ ფერმერებს ბოსტნეულის წარმოების გაზრდა სთხოვა და მოსამარაგებლად სატვირთოებს უხანის დაკეტილი გზებიც გაუხსნა. მთავრობამ მკაცრი სასჯელი შემოიღო იმ მაღაზიების მეპატრონეებისათვის, რომლებიც ამ პერიოდში საკვებსა და ნიღბებზე ფასებს გაზრდიან.
ქალაქში უსწრაფესად ააშენეს დამატებითი საავადმყოფო სპეციალურად კორონავირუსით ინფიცირებულთათვის, რადგან სხვა საავადმყოფოებში საკმარისი ადგილები უკვე აღარ იყო.
დროებით საავადმყოფოებად გადააკეთეს უხანის სპორტული სტადიონები და სხვადასხვა შენობებიც.