როგორ გამოიყურება ადამიანის მიერ მონახულებული ყველაზე შორეული ობიექტი ახლოდან - ულტიმა-თულეს ახალი ფოტოები
როგორ გამოიყურება ადამიანის მიერ მონახულებული ყველაზე შორეული ობიექტი ახლოდან - ულტიმა-თულეს ახალი ფოტოები

2019 წლის იანვარში, ნასას კოსმოსურმა ხომალდმა „ნიუ ჰორაიზონსმა“ გადაუფრინა მზის სისტემის ყველაზე შორეულ ობიექტს, რომელიც ოდესმე კაცობრიობას შეუსწავლია — ულტიმა-თულეს.

თუმცა იქამდე, დედამიწაზე მყოფმა მართვის ჯგუფმა ხომალდს დაავალა, კოიპერის სარტყლის ამ უცნაური ფორმის ობიექტისთვის რამდენიმე ბრწყინვალე სურათი გადაეღო.

ჯგუფმა ახლახან ამ ფოტოებს შორის რამდენიმე ყველაზე დეტალური კადრი გამოაქვეყნა.

„ამ ფოტოების გადაღება მოითხოვდა იმის ზუსტ ცოდნას სად იმყოფებოდნენ იმ დროს „ნიუ ჰორაიზონსი“ და ულტიმა-თულე, რადგან კოიპერის სარტყლის ბნელ გარემოში, პლუტონიდან 1,6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, ხომალდმა მას 51 000 კმ/სთ სიჩქარით ჩაუქროლა. ეს ყველაზე რთული დაკვირვება იყო, რაც 2015 წელს პლუტონთან გადაფრენის შემდეგ გაგვიკეთებია“, — აღნიშნავს „ნიუ ჰორაიზონსის“ მთავარი მკვლევარი ალან სტერნი.

ულტიმა-თულე, ოფიციალური სახელით 2014 MU69, არის ნეპტუნსგადაღმა ობიექტი, რომელიც პლუტონის იქით, კოიპერის სარტყელში მდებარეობს.

სიგრძეში მხოლოდ 31 კილომეტრია და შედგება ერთმანეთთან შეერთებული ორი პატარა სხეულისგან.

ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, „ნიუ ჰორაიზონსმა“ ულტიმა-თულეს პირველი, ბუნდოვანი ფოტოები გადაუღო და მას შემდეგ, ციცქნა ხომალდი შეგროვებული ინფორმაციის დედამიწაზე გადმოგზავნას შეუდგა. თანდათან გაირკვა, რომ ულტიმა-თულე ფორმით ძალიან ჰგავს „ვარსკვლავური ომების“ დროიდ BB-8-ს.

ყველაზე დეტალური ფოტოს გადაღებისას, ხომალდი ულტიმა-თულესგან 6613 კილომეტრით იყო დაშორებული. შესაბამისად, ეს ხედი წინასთან შედარებით 146 კილომეტრით უფრო ახლოდანაა გადაღებული.

ალან სტერნის განცხადებით, ეს დაკვირვებები ძალიან სარისკო იყო, რადგან არსებობდა შანსი, რომ ულტიმა-თულე კადრში ნაწილობრივ ან საერთოდაც არ მოქცეულიყო.

თუმცა, ხომალდის მართვის ჯგუფმა ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი და მიიღო ულტიმა-თულეს საოცრად დეტალური ხედი. როგორც ფოტოზე ჩანს, მისი ზედაპირი განსხვავდება აქამდე შესწავლილი ყველა სხვა ობიექტისგან.

ფოტო შედგენილია 9 სხვადასხვა კადრისგან, რეზოლუცია 33 მეტრია პიქსელზე.

გარდა ფოტოებისა, ნასა გვთავაზობს 14 სხვადასხვა სურათისგან აწყობილ ვიდეოსაც.


„ნიუ ჰორაიზონსი“ მისიას აგრძელებს. მისი ამჟამინდელი დავალება კოიპერის სარტყლის შესწავლაა.