NASA-ს ხომალდი ახალი წლის დღეს მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ობიექტს გადაუფრენს
NASA-ს ხომალდი ახალი წლის დღეს მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ობიექტს გადაუფრენს

NASA-ს კოსმოსური ხომალდი ისტორიული მომენტისთვის ემზადება — ახალი წლის დღეს ის მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ პლანეტურ ობიექტს გადაუფრენს, სისტემის ადრეული დღეების გაყინულ რელიკვიას, რომელსაც სახელად ულტიმა-თულეს უწოდებენ.

უპილოტო ხომალდი New Horizons-ი ამჟამად დედამიწიდან 6,4 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება. 1-ელ იანვარს ის ულტიმა-თულეს გადაუფრენს 3500 კმ მანძილიდან.

New Horizons-ი ამ ობიექტთან დაახლოებით სამჯერ უფრო ახლოს მივა, ვიდრე 2015 წელს პლუტონთან.

საინტერესოა, რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს უცნაური ობიექტი, რომელსაც სახელი შუა საუკუნეების ისლანდიური მითიური პერსონაჟის პატივსაცემად უწოდეს?

პროექტის მეცნიერის, ჰალ ვივერის განცხადებით, ის ყველაზე პირველყოფილი ობიექტია, რომელსაც ოდესმე ჩვენი ხომალდი მიახლოებია.

შედარებით პატარაა, მაგრამ მეცნიერებმა ზუსტი ზომები ჯერ არ იციან. მათი ვარაუდით, ის 100-ჯერ უფრო პატარაა პლუტონზე, რომლის დიამეტრიც 2414 კმ-ია.

გარდა ამისა, ულტიმა-თულე კოსმოსის გაყინულ ნაწილში მდებარეობს, რის გამოც, ის კარგად უნდა იყოს შენახული. ვივერის თქმით, ეს ობიექტი მზის სისტემის ფორმაციის პერიოდის ნამდვილი რელიკვიაა.

ულტიმა-თულე მდებარეობს კოიპერის სარტყელში, ვრცელ კოსმოსურ დისკოში, რომელიც პლანეტების ფორმაციის დროს დარჩენილ მასალებს მოიცავს. მეცნიერები ხანდახან მას მზის სისტემის „სხვენსაც“ კი უწოდებენ. 1990-იან წლებამდე მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

კოიპერის სარტყელი მზისგან 4,8 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იწყება, მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტის, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა.

New Horizons-ის მთავარი მეცნიერის, ალან სტერნის განცხადებით, კოპიერის სარტყელი სავსეა მილიარდობით კომეტითა და ულტიმა-თულეს მსგავსი მილიონობით ობიექტით, რომლებსაც პლანეტოშენადედებს უწოდებენ. პლანეტოშენადედები ნამდვილი სამშენებლო ბლოკები იყო პლანეტების წარმოქმნისას. გარდა ამისა, ეს ზონა სავსეა პლუტონის ზომის ჯუჯა პლანეტებითაც.

მისივე თქმით, ეს რეგიონი პლანეტურ მეცნიერთათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ინახავს ზუსტად ისეთივე გარემო პირობებს, როგორიც მზის სისტემაში 4,5 მილიარდი წლის წინ იყო. შესაბამისად, ხომალდის იქ გავლა უმნიშვნელოვანესია.

ხომალდი New Horizons-ი კოსმოსს 51 500 კმ/სთ სიჩქარით მიაპობს და დღეში 1,5 მლნ კმ-ზე მეტს გადის. გამომდინარე ასეთი სიჩქარიდან, მისი განადგურება პატარა ნამსხვრევის შეჯახებასაც კი შეუძლია.

თუკი ის ულტიმა-თულესთან გადაფრენას გადაურჩა, ამ ობიექტს გადაუღებს ასობით ფოტოს და პირველად ისტორიაში, ჩვენ ვიხილავთ მის ზუსტ ფორმებსა და გეოლოგიას.

ასეთივე ფოტოები 2015 წელს New Horizons-მა პლუტონსაც გადაუღო.გადაფრენა უკიდურესად ზუსტ ნავიგაციას მოითხოვს.

ულტიმა-თულე 2014 წელს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. 2017 წელს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ის არა სფერული, არამედ წაგრძელებული ფორმისაა. შესაძლოა, ის სულაც ორი ობიექტი იყოს.

პირველ ფოტოებს NASA 1-ლი იანვრის საღამოს მიიღებს და 2 იანვარს გამოაქვეყნებს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.