ხომალდმა New Horizons-მა მზის სისტემის კიდეზე გიგანტური სტრუქტურა დააფიქსირა
ხომალდმა New Horizons-მა მზის სისტემის კიდეზე გიგანტური სტრუქტურა დააფიქსირა

პლუტონს გადაღმა, ასტეროიდებით სავსე კოსმოსურ რეგიონში, რომელსაც კოიპერის სარტყელს უწოდებენ, NASA-ს ხომალდი New Horizons-ი მზის სისტემის ამ გარე ნაწილში არსებულ უზარმაზარ სტრუქტურაზე მიუთითებს.

ხომალდის სპექტრომეტრის მიერ დაფიქსირებული ულტრაიისფერი სინათლე შესაძლოა, „წყალბადის კედლის“ არსებობის მტკიცებულებას წარმოადგენდეს. ეს უნდა იყოს მკვრივი წყალბადის რეგიონი მზის სისტემასა და ვარსკვლავთშორის სივრცეს შორის.

ასტრონომ ლესლი იუნგის განცხადებით, მონაცემებში კარგად ჩანს ბარიერი მზის სამეზობლოსა და გალაქტიკას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ იქ სივრცეს დაბალი წნევა აქვს, მზის ქარები მასზე ზეწოლას მაინც ახდენს და გარე მიმართულებით სწევს. გარკვეულ წერტილში ეს ქარი სუსტდება და საკმარისი ძალა აღარ აქვს, რათა ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაწვეს.

ამ საზღვარს ჰელიოპაუზას უწოდებენ და ის მზის სისტემის ოფიციალურ საზღვრად ითვლება.

თეორიულად, ჰელიოპაუზის მეორე მხარეს, ვარსკვლავთშორის სივრცეში უნდა მოძრაობდნენ ნეიტრალური წყალბადის ატომები, რომლებიც ამ ბარიერთან მოსვლისას სვლას უნდა ანელებდნენ და წარმოქმნიდნენ ერთგვარ „საცობს“. შედეგად, ჰელიოპაუზასთან უნდა წარმოიქმნებოდეს სტრუქტურა.

2007-2017 წლებში New Horizons-მა დააფიქსირა ლიმან-ალფას ხაზის სახელით ცნობილი განსხვავებული ულტრაიისფერი ნათება, რომელიც წარმოქმნილია წყალბადის ატომებზე მზის ფოტონების დაცემითა და გაფანტვის შედეგად.

ეს მაშინ ხდება, როცა მზის სინათლე მზის სისტემაში მოძრაობს. მაგრამ New Horizons-ის მიერ დაფიქსირებულ სიგნალში შეინიშნება გაცილებით შორს, უკანა მხარეს მდებარე იდუმალებით მოცული წყარო.

ეს სიგნალი 30 წლის წინ ხომალდმა Voyager-მაც დააფიქსირა. New Horizons-ი ყველა დროის პირველი ხომალდია, რომელსაც ამ ფენომენზე დაკვირვების საშუალება კვლავ მიეცა. ასტრონომებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ საქმე ეხება წყალბადის კედელს.

როგორც კვლევაში წერია, მონაცემები მიუთითებს, რომ ულტრაიისფერი სინათლე წარმოიქმნება წყლბადის ატომების მიერ მზის სინათლის მიმოფანტვის შედეგად, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვა შორეულ წყაროსაც.

მკვლევართა განცხადებით, ეს შორეული წყარო წყალბადის კედელი უნდა იყოს, რომელიც წარმოიქმნება იქ, სადაც მზის ქარს ვარსკვლავთშორისი ქარი ხვდება.

კვლევის მიხედვით, ეს ფონური ნათება კოსმოსში გაცილებით შორს უნდა იყოს და მისი არსებობის საბოლოო დამტკიცების ერთადერთ გზად New Horizons-ის მიერ კვლევების აქტიურად გაგრძელება რჩება.

1977 წელს გაშვებული ხომალდი Voyager 1 უკვე ვარსკვლავთშორის სივრცეში მოძრაობს. ჰელიოპაუზა მან 2013 წელს გაარღვია და ამჟამად უსასრულო კოსმოსს მიაპობს. საოცარი ის არის, რომ ხომალდი დედამიწაზე სიგნალებს დღემდე აგზავნის.

რაც შეეხება Voyager 2-ს, ის ამჟამად იმყოფება მზის სისტემის გარე მისადგომების იმ რეგიონში, სადაც მზის ქარებს ვარსკვლავთშორისი გაზი ანელებს. ჰელიოპაუზას ის დაახლოებით 2030 წლისთვის გადაკვეთს.

ამ წერტილამდე მისასვლელად New Horizons-ს მრავალი წელი დასჭირდება, მაგრამ თუ ის იმდროისთვის კიდევ მწყობრში იყო, მშობლიურ პლანეტაზე გაცილებით მეტ და დეტალურ ინფორმაციას გამოაგზავნის.

მანამდე New Horizons-ს სულ სხვა საქმე აქვს. ხომალდმა ახლო ხედით უკვე გაგვაცნო ჯუჯა პლანეტა პლუტონი, რომელსაც 2015 წლის ივლისში გადაუფრინა.

ზონდის შემდეგი სამიზნე კოიპერის სარტყელში მდებარე ობიექტი ულტიმა-თულეა, ციცქნა პლანეტური ობიექტი, რომელსაც ხომალდი 2019 წლის 1-ელ იანვარს შეხვდება.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencenews.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.