NASA-ს ხომალდმა მზის სისტემის ერთ-ერთ უშორეს ობიექტს გადაუფრინა და ფოტოები გამოგზავნა
NASA-ს ხომალდმა მზის სისტემის ერთ-ერთ უშორეს ობიექტს გადაუფრინა და ფოტოები გამოგზავნა

NASA-ს ხომალდმა New Horizons-მა, რომელიც დედამიწიდან 6,4 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება, 1-ელ იანვარს მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ობიექტს გადაუფრინა და ფოტოებიც გადაუღო.

როგორც გაირკვა, ყინულოვანი ობიექტი სახელად ულტიმა-თულე, ერთმანეთთან შერწყმული ორი სფეროსგან შედგება. ერთი მათგანი მეორეზე სამჯერ დიდია, ერთობლივად კი მათი სიგრძე დაახლოებით 33 კილომეტრია. ობიექტი აშკარად წააგავს თოვლის პაპას.

ულტიმა-თულე პლუტონის გადაღმა, მისგან 1,6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ფოტოების გადაღების მომენტში, New Horizons-ი ულტიმა-თულესგან 28 000 კილომეტრით იყო დაშორებული.

ციურ სხეულს მეცნიერებმა „ულტიმა-თულე“ უწოდეს, რაც „ცნობილი სამყაროს მიღმა არსებულს“ ნიშნავს. ისინი მანამდეც ეჭვობდნენ, რომ ეს ობიექტი ორი სხეულისგან შედგებოდა, რაც New Horizons-მა საბოლოოდ დაადასტურა. დიდ სფეროს ასტრონომებმა ულტიმა უწოდეს, პატარას კი თულე.

თულეს სიგრძე დაახლოებით 14 კილომეტრია, ულტიმასი კი 19 კმ.

NASA-ს მეცნიერის, ჯეფ მურის განცხადებით, ეს ორი სფერო მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა, როცა კოსმოსში მოტივტივე კენჭის ზომის ყინულოვანი ნამსხვრევები ერთმანეთს შეეზარდა. ამის შემდეგ, სფეროებმა ერთმანეთის გარშემო მოძრაობა დაიწყეს, საბოლოოდ კი ნაზად, ძალიან ნელა ერთმანეთს შეეხნენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკუთარი ღერძის გარშემო შემობრუნებას ობიექტი დაახლოებით 15 საათს ანდომებს. მათი თქმით, უფრო სწრაფად ბრუნვის შემთხვევაში, ის მთლიანობას ვერ შეინარჩუნებს და ორი სფერო გაიხლიჩება.

მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალან სტერნის განცხადებით, New Horizons-იდან ამჟამად მიღებულია შეგროვებულ მონაცემთა მხოლოდ 1 პროცენტი, სრულად კი მის მიღებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.

ასეთ ორნაწილიან ობიექტებს „კონტაქტურ ბინარებს“ უწოდებენ. ის პირველი კონტაქტური ბინარია, რომელიც NASA-ს ოდესმე შეუსწავლია. წარმოქმნილია 4,5 მილიარდი წლის წინ, როცა იქმნებოდა მზის სისტემა. გარდა ამისა, ის ყველაზე პირველყოფილი ობიექტია, რომელიც ოდესმე ასე ახლოდან გვინახავს.

ულტიმა-თულე აჭრელებულია, საერთო ჯამში კი გახუნებული აგურის ფერი აქვს, რაც მის ყინულოვან ზედაპირზე რადიაციის ბომბარდირებით უნდა იყოს გამოწვეული. შეიმჩნევა უფრო მუქი და უფრო ღია რეგიონებიც.

ორივე სფერო ერთნაირი ფერისაა, მაგრამ შეერთების ადგილი უფრო ღია წითელია.

გაირკვა, რომ ობიექტს არ ჰყავს მთვარეები და არ აქვს რგოლები. ფოტოებზე არ ჩანს არც დარტყმითი კრატერები, მაგრამ შეიმჩნევა ბორცვების მსგავსი წარმონაქმნები. უფრო მეტ ცნობას უახლოეს კვირებში მიღებული დეტალური ფოტოები მოგვაწვდის.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ულტიმა-თულეს ყინულოვანი ზედაპირი შედგება წყლის, მეთანის, აზოტისა და სხვა ნივთიერებათა ნარევისგან.

მეცნიერები ულტიმა-თულეს ნამდვილ დროის მანქანად მიიჩნევენ, რომელმაც მრავალი ახალი ცნობა უნდა მოგვაწოდოს მზის სისტემის დაბადების შესახებ.

ალან სტერნის თქმით, ის არც კომეტაა და არც ასტეროიდი, სამაგიეროდ არის „პირველყოფილი პლანეტოშენადედი“. კომეტებისა და სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, რომლებიც დროთა განმავლობაში მზის მიერ არიან შეცვლილი, ულტიმა-თულე თავის პირველყოფილ, სუფთა მდგომარეობაშია. მზის სისტემის წარმოქმნის პერიოდიდან დღემდე, ის ყინულოვან კოიპერის სარტყელში იმყოფება.

როგორც სტერნი აღნიშნავს, უახლოეს თვეებში, მონაცემთა მოსვლასთან ერთად, სრულიად ახალი წიგნი დაიწერება არა მხოლოდ ულტიმა-თულეს, არამედ მთლიანად მზის სისტემის შესახებ.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი