როგორ გამოიყურება ირმის ნახტომის ცენტრი - ახალმა ტელესკოპმა უპრეცედენტო ფოტო გადაიღო
ახალმა მეგატელესკოპმა ირმის ნახტომის ცენტრის ამ დრომდე ყველაზე დეტალური ფოტო გადაიღო.
ცეცხლოვანი სურათი გასაოცარ დეტალებში ასახავს რეგიონს, რომელიც გარს აკრავს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილ სუპერმასიურ შავ ხვრელს, ჩვენგან დაახლოებით 25 000 სინათლის წლის მანძილზე.
ამ ტელესკოპს MeerKAT-ის რადიოტელესკოპს უწოდებენ და სინამდვილეში შედგება 64 სხვადასხვა თეფშისგან, რომელთაგან თითოეული, რადიოტალღებს აფიქსირებს. განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კარუს ნახევრად უდაბნო რეგიონში და ყველაზე მგრძნობიარეა ამ სახის ტელესკოპთა შორის.
ფოტოზე ასახული ფერები განასახიერებს ტელესკოპის მიერ დაჭერილ რადიოტალღათა სიკაშკაშეს. წითელი და ნარინჯისფერი შედარებით სუსტი ტალღებია, ყვითელი და თეთრი კი ყველაზე ძლიერი.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უბრალოდ ცეცხლოვანი აბლაბუდა გეგონებათ, ეს ფოტო ასახავს ამ დრომდე არნახულ მახასიათებლებს, მაგალითად, ცენტრალური რეგიონიდან ამომავალ მაგნეტიზებულ გრძელ ფილამენტთა კომპაქტურ წყაროს. გარდა ამისა, სურათი წარმოადგენს სუპერნოვას ნარჩენთა და ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონთა ჯერ არნახულ, ყველაზე სუფთა ხედებს.
გრძელი და წვრილი ფილამენტები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, პირველად 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ მათი წარმოშობა საიდუმლოებით მოცული რჩებოდა. მათი ხილვა შესაძლებელია ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის სიახლოვეს და არსად სხვაგან ირმის ნახტომის მასშტაბით.
ფილამენტების მკვლევრის, ფარჰად იუსეფ-ზადეჰის განცხადებით, ეს ფოტო გამორჩეულია, რადგან შესაძლოა, ასტრონომებს გადასცეს ათწლეულების საიდუმლოს ამოსახსნელი გასაღები.
ირმის ნახტომის ცენტრის გადაღება უკიდურესად რთულია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენგან 25 000 სინათლის წლით არის დაშორებული, არამედ იმიტომაც, რომ მდებარეობს მშვილდოსნის თანავარსკვლავედს მიღმა და მუდმივად გარშემორტყმულია გაზისა და მტვრის ღრუბლებით, რაც მის დანახვას შეუძლებელს ხდის ჩვენი ოპტიკური ტელესკოპებისთვის.
თუმცა, ამ მტვერში გამოღწევა შეუძლია ინფრაწითელ, რენტგენულ და რადიო ტალღის სიგრძეებს, რომლებზეც ტელესკოპი MeerKAT-ი ნადირობს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ ეს ტელესკოპი განთავსებულია სამხრეთ აფრიკაში, საიდანაც ირმის ნახტომი ყოველდღიურად 12 საათის განმავლობაში ჩანს.
„გვსურდა გვეჩვენებინა ამ ახალი ინსტრუმენტის სამეცნიერო შესაძლებლობები“, — ამბობს სამხრეთ აფრიკის რადიოასტრონომიის ობსერვატორიის უფროსი მეცნიერი ფერნანდო კამილო. ტელესკოპი MeerKAT სწორედ ამ ობსერვატორიამ ააგო.
მისი თქმით, გალაქტიკის ცენტრი მათი ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო, რადგან ეს რეგიონი უნიკალური, ვიზუალურად თვალშისაცემია და სავსეა ამოუხსნელი ფენომენებით, რომელთა გადაღებაც რადიოტელესკოპებითაც კი საკმაოდ რთულია.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელესკოპი მოქმედებას ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს და მრავალი დეტალი დასახვეწი გვაქვს, მაინც ვცადეთ. შედეგებმა უბრალოდ გაგვაოცა“, — აღნიშნავს კამილო.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.