როგორ ჟღერს სუპერმასიური შავი ხვრელიდან წამოსული რეალური ბგერის ტალღები — #1tvმეცნიერება
15:53, 11.05.2022
კოსმოსში შეიძლება ხმა ვერ გავიგოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იქ საერთოდ არ არის. 2003 წელს ასტრონომებმა რაღაც მართლა საოცარი დააფიქსირეს: აკუსტიკური ტალღები, რომლებიც ჩვენგან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო არსებულ გაზის ღრუბელში ვრცელდებოდა.
ტალღები პერსევსის გალაქტიკათგროვის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელისგან მოდიოდა და შეიცავდა ყველაზე დაბალ ნოტებს, რაც კი ადამიანებს ოდესმე აღმოუჩენიათ სამყაროში — ადამიანის სმენის ზღვარს კარგად ქვემოთ.
თუმცა, ახალი სონიფიკაციის (მონაცემების გარდაქმნა ბგერებად) წყალობით, შავი ხვრელიდან წამოსული ტალღები 57-58 ოქტავამდე აიწია და შესაბამისად, შეგვიძლია შევიგრძნოთ, როგორ შეიძლება ჟღერდეს ისინი გალაქტიკათშორის სივრცეში.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხმის ტალღები პირველად გამოყვეს და სმენადი გახადეს.
ყველაზე დაბალი ნოტი, რომელიც 2003 წელს გამოავლინეს, არის სი-ბემოლ მაჟორი, 57 ოქტავაზე ოდნავ მაღალი, შუა დო-ს ქვემო; ამ სიმაღლეზე მისი სიხშირე 10 მილიონი წელიწადია. ყველაზე დაბალ ნოტს, რომლის დაფიქსირებაც ადამიანს შეუძლია, აქვს წამის ერთი-მეოცედი სიხშირე.
ბგერის ტალღები რადიალურად მოდიოდა, ანუ პერსევსის გროვის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელიდან გარე მიმართულებით, ცენტრიდან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ისე, რომ მათი გაგონება შესაძლებელია სუპერმასიური შავი ხვრელიდან ყველა მიმართულებით, საწყის სიხშირეზე 144 – 228 კვადრილიონით უფრო მაღალ დონეებზე.
შედეგი შემზარავია, ყმუილის მსგავსი, ისეთი, როგორიც კოსმოსში ჩაწერილი და შემდეგ აუდიოსიხშირეზე გადაყვანილი ტალღების უმეტესობა.
ეს ბგერები არა მხოლოდ სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის საგანი როდია. გალაქტიკთგროვის გალაქტიკებს შორის სივრცეში მოდრეიფე გაუხშოებული გაზი და პლაზმა მკვრივია და გაცილებით, გაცილებით ცხელი, ვიდრე გალაქტიკათგროვის გარეთ გალაქტიკათშორის სივრცეში.
გალაქტიკათგროვის გალაქტიკათშორის სივრცეში გავრცელებული ბგერის ტალღები ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც ამ სივრცეს აცხელებს, რადგან მათ პლაზმაში ენერგია გადააქვთ.
იმის გამო, რომ ტემპერატურა ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესს არეგულირებს, ბგერის ტალღები შეიძლება გადამწყვეტ როლს ასრულებდეს დროის დიდ პერიოდებში გალაქტიკათგროვების ევოლუციაში.
ბგერის ტალღების დაფიქსირების საშუალებას სწორედ სითბო გვაძლევს. ვინაიდან გალაქტიკათგროვაში გალაქტიკათშორისი სივრცე ზედმეტად ცხელია, ის რენტგენში ძლიერ კაშკაშებს. ჩანდრას რენტგენულმა ობსერვატორიამ ეს ბგერის ტალღები არა მხოლოდ დააფიქსირა, არამედ სონიფიკაციის პროექტშიც მიიღო მონაწილეობა.
გამოსახულებებში გამოჩნდა, რომ შავი ხვრელის უშუალოდ მიმდებარე ზონიდან კოსმოსში მატერიის კოლოსალური ჭავლი იტყორცნება, სიჩქარით, რომელიც უფრო მაღალი ჩანს, ვიდრე სინათლე ვაკუუმში (რა თქმა უნდა, ეს ილუზიაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო). ამჯერად, მათი სონიფიკაციაც მოხერხდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები თავდაპირველად სულაც არ იყო ბგერის ტალღები, როგორც პერსევსის გროვაში დაფიქსირებული აუდიო; ის სინათლეა სხვადასხვა სიხშირეებში. რადიომონაცემებს ყველაზე დაბალ სიხშირეებზე ყველაზე დაბალი ხარისხი აქვს სონიფიკაციაში. ოპტიკური მონაცემები საშუალო ხარისხისაა, რენტგენული კი ყველაზე კარგი.
ვიზუალური მონაცემების ამ გზით ბგერებად გარდაქმნა შეიძლება ახალი საოცარი გზა იყოს კოსმოსურ ფენომენთა შესაგრძნობად, რომელსაც ასევე აქვს სამეცნიერო ღირებულებაც.
ზოგჯერ, მონაცემთა კრებულის გარდაქმნა დამალულ დეტალებს ააშკარავებს და უკიდეგანო სამყაროს საიდუმლოთა უფრო დეტალურად გამომჟღავნების საშუალებას გვაძლევს.