როგორ დავამტკიცოთ, რომ დედამიწა მრგვალია, ყოველგვარი სახიფათო რაკეტის დამზადების გარეშე
როგორ დავამტკიცოთ, რომ დედამიწა მრგვალია, ყოველგვარი სახიფათო რაკეტის დამზადების გარეშე

შეგპარვიათ ოდესმე ეჭვი, რომ დედამიწა მრგვალია? შეიძლება არა, მაგრამ მსოფლიოში ნამდვილარ არის ბევრი ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩვენი პლანეტა ბრტყელია.

გამოცემა The Conversation-ი აქვეყნებს ნოტონგჰემ ტრენტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, იან ვიტეიკერის წერილს, რომელშიც იგი მარტივ მეთოდებს გვთავაზობს, რომელთა საშუალებითაც, სულ ადვილად, თავად შეგვიძლია დავრწმუნდეთ დედამიწის სიმრგვალეში.

შეიძლება თუ არა, რომ 2000-წლოვანი რწმენა მცდარი იყოს? ვცხოვრობთ თუ არა სინამდვილეში ბრტყელ და არა მრგვალ დედამიწაზე?

ბრტყელი დედამიწის საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა ამის გარკვევა გადაწყვიტა. „გიჟი“ მაიკ ჰიუზი საკუთარ რაკეტას აშენებს, რათა თავის თვალით იხილოს, რომ დედამიწა ბრტყელია.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, ხშირად ვხედავთ დედამიწისთვის კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს, რაც შეიძლება ყველა საჭირო მტკიცებულება იყოს იმისათვის, რათა დაინახოთ, რომ დედამიწა მრგვალია.

მაგრამ იმის გააზრებამ, თუ რამდენად მარტივია ფოტოების გაყალბება, ასევე ინტერნეტში მზარდმა კონსპირაციულმა თეორიებმა დიდად შეუწყო ხელი კვლავ აღორძინებულიყო რწმენა, რომ თითქოს, დედამიწა სინამდვილეში ბრტყელია.

ამავე დროს, აშკარად არსებობს სათანადო მეცნიერული გაგების ნაკლებობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სფეროსებრ ციურ სხეულზე ვცხოვრობთ, თანაც, ამაში დასარწმუნებლად სულ არ იყო საჭირო პლანეტის დატოვება.

თუკი ჰიუზის გარდა უფრო ბევრ ხალხს სურს მტკიცებულებების თავად ნახვა, შეგვიძლია ეს შემაშფოთებელი ტენედენცია უკუვაქციოთ. მხოლოდ კარგი ადგილია საჭირო და ბავშვებს აქვთ შანსი, ეს ყველაფერი სკოლაში, მარტივი ექსპერიმენტით გაარკვიონ.

დედამიწის სიმრგვალის დამატასტურებელი ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტირებული ექსპერიმენტი პირველად ძველმა ბერძნებმა ჩაატარეს.

ეს ყველაფერი მათ შესძლეს ჯოხების ჩრდილების შედარებით სხვადასხვა ადგილას. როცა მზე ერთ ადგილს პირდაპირ ზემოდან, თავზე დასცქეროდა, ჯოხს იქ ჩრდილი არ ჰქონდა. ამავე დროს, სადღაც 800 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, ჯოხს ჩრდილო ჰქონდა.

თუკი დედამიწა ბრტყელი იქნებოდა, ორივე ჯოხს უნდა წარმოექმნა ერთნაირი ჩრდილი, რადგან ისინი მზის მიმართ ერთი და იგივე კუთხით იქნებოდა პოზიციონირებული. როგორც ძველმა ბერძნებმა დაასკვნეს, ჩრდილები განსხვავებული იყო იმიტომ, რომ დედამიწა გამრუდებული იყო და შესაბამისად, ჯოხები განლაგებული იყო სხვადასხვა კუთხით.

ამის შემდეგ, კუთხეებს შორის დაფიქსირებული სხვაობა მათ დედამიწის წრიული მრუდის გამოსაანგარიშებლად გამოიყენეს. მათ შესძლეს ნამდვილი მაჩვენებლის 10%-ის მიღება, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგი იყო ძვ. წ. 250 წლისთვის.

სფეროსებრიობის დამადასტურებელი კიდევ ერთი მტკიცებულებაა ღამის ცის განსხვავება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში. ხედი აბსოლუტურად განსხვავებულია, რადგან თქვენს ქვეშ არსებული დედამიწა მიმართულია განსხვავებული მიმართულებით.

დედამიწა რომ ბრტყელი იყოს, ხედი იგივე იქნებოდა.

ამავე დროს, შეგიძლიათ პლანეტებზე დაკვირვებაც. ყველა მათგანი ბრუნავს და რამდენიმე დღის განმავლობაში დაკვირვების შედეგად, ნათლად დაინახავთ, რომ ისინი სფერულია და არა ბრტყელი. იმის ალბათობა, რომ პლანეტათა უმეტესობა მრგვალია, მაგრამ დედამიწა ბრტყელი — თითქმის არ არსებობს.

ყალბი მეცნიერება
მაგრამ როცა სამეცნიერო ექსპერიმენტები არასწორად ტარდება, ხელთ გვრჩება საპირისპირო შედეგები. და შემდეგ, თუ მათ სოციალურ მედიაში გააზიარებენ, ყალბი მოსაზრებები იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ აღარავინ აღნიშნავს მათ სიყალბეს.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბედფორდის არხის (ინგლისი) დონის ექსპერიმენტი, რომელიც 1838 წელს ჩატარდა და თითქმის 30 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა იმის „დასმტკიცებლად“, რომ დედამიწა ბრტყელია, სანამ საბოლოოდ, სწორი ახსნა არ მოიძებნა.

ექსპერიმენტის დროს, მარკერები მოათავსეს დაახლოებით ათი კილომეტრის სიგრძის არხის ორივე დაბოლოების ერთნაირ სიმაღლეზე. თუ დედამიწა მრგვალია, ტელესკოპით ერთსა და იმავე დროს შეხედვისას, ერთი მარკერი უფრო დაბლა უნდა გამოჩენილიყო, ვიდრე მეორე, რადგან უფრო შორს მდებარე მარკერი დედამიწის გამრუდების გამო, დაბლა მოექცეოდა.

ბედფორდის არხი

მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარკერები ერთნაირ სიმაღლეზე გამოჩნდა, რის გამოც დაასკვნეს, რომ დედამიწა ბრტყელია. ბრტყელი დედამიწის თეორიის თანამედროვე მიმდევრები, ამ ექსპერიმენტს დღესაც ხშირად იშველიებენ.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ექსპერიმენტის დროს მხედველობაში არ მიიღეს გამავალი წყლის თავზე არსებული ჰაერის ოპტიკური ეფექტი, რომელიც ღუნავს ან „გარდატეხს“ სინათლეს, როდესაც ის მარკერებიდან ტელესკოპისაკენ მიდის და წარმოაჩენს ისე, თითქოს ისინი ერთნაირ სიმაღლეზე იყოს.

გამოსავალია არხის მთელ სიგრძეზე მრავალი მარკერის დაყენება, რომლებიც დაკვირვებისას სხვადასხვა სიმაღლეზე ჩანს.

თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებაც დღეს სკოლებშიცაა შესაძლებელი — არის კამერის დამაგრება გასაბერ ბურთზე (აეროსტატი), რომელიც დედამიწის ზედაპირიდან საკმაოდ მაღლა ადის.

ჩანაწერში გამოჩნდება, რომ მაღალი წერტილიდან, საკმაოდ ადვილი შესამჩნევია დედამიწის სიმრუდე. სწორედ ამას დაინახავს მაიკ ჰიუზიც, თუკი ოდესმე მართლაც გაუშვებს თავის რაკეტას.

და ბოლოს, ინტერნეტში რამის მტკიცება ნამდვილად არაა საკუეთესო გზა ნებისმიერი სამეცნიერო მისწრაფებისთვის.

საუკეთესო გამოსავალია, ადამიანებმა ეს თეორიები თავად შეამოწმონ და კარგად გაერკვნენ მიღებულ შედეგებში.

იან ვიტეიკერი, ნოტონგჰემ ტრენტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი

 

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით