პანგეა დედამიწის ბოლო სუპერკონტინენტი იყო — ხმელეთის ყველა ძირითადი მასის ერთი დიდი გაერთიანება.
იქამდე, ვიდრე პანგეა დაშლას დაიწყებდა, თანამედროვე კანადის ახალი შოტლანდიის პროვინცია მიბმული იყო დღევანდელ მაროკოსთან. კუნძული ნიუფაუნდლენდი კი ირლანდიასა და პორტუგალიასთან.
დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, პანგეა ჯერ ისევ ერთიანი იყო, მაგრამ გეოლოგიური ძალების გამო დაშლა დაიწყო და კონტინენტებმა თანდათანობით ის ფორმები მიიღო, რასაც დღეს ვხედავთ.
გეოლოგები მრავალი წელია იკვლევენ, როგორ მოიყარა თავდაპირველად ამ ყველა ნაწილმა ერთად თავი, რატომ დაიშალა ასე და როგორ გადანაწილდნენ ისინი პლანეტის მასშტაბით.
კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის სტრუქტურული გეოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ალექსანდერ ლუის ფისი ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. ის ფილების ტექტონიკას იკვლევს, კონკრეტულად კი იმას, როგორ და რატომ დაიშალა კონტინენტები.
ფაზლის ნაწილები
ცნობილია, რომ ახალი შოტლანდია და მაროკო ერთ დროს გადაბმული იყო, რადგან ბრწყინვალედ ემთხვევა ერთმანეთს მათი სანაპირო ზოლები. ოკეანის ფსკერიდან, რომელიც ახლა მათ აცალკევებს, ასევე შეგვიძლია მივყვეთ მათ მიერ განვლილ გზას.
დღეისათვის მეცნიერებამ ძალიან ბევრი რამ იცის კონტინენტების გადაადგილების, მათ შორის ხმელეთის მასების მოძრაობის შესახებ, თუმცა, შესასწავლი ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია.
ფართო კვლევებისა და განსჯის საგანია, ზუსტად როგორ მოხდა, რომ ზოგი კონტინენტი ერთმანეთს 5000 კილომეტრით დაშორდა, ზოგი კი არა.
მეცნიერთა ერთ ბანაკს მიაჩნია, რომ კონტინენტები ყოველმხრივი ძალების მიერ მართული ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად დაიყო. მეორე ჯგუფი კი დარწმუნებულია, კონტინენტების დაყოფა რომ სიღრმიდან ამოსულმა ცხელმა მატერიამ გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომელი თეორიაა მართებული, ერთი რამ აშკარაა — რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს ყველაფერი სწრაფად მაინც არ მოხდა.
ფილების ტექტონიკა მუდმივად მიმდინარე პროცესია, რომელიც წელიწადში მილიმეტრებით გადაადგილებას იწვევს. ათასწლეულების განმავლობაში, ამ პროცესმა მიგვიყვანა იქ, სადაც დღეს ვართ და ის თითქმის შეუმჩნევლად, დღემდე გრძელდება.
ჩრდილოეთი ატლანტიკა
განსაკუთრებული კვლევის საგანი და იდუმალებით მოცული ზონაა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი, არეალი, რომელიც შემოსაზღვრულია გრენლანდიით, აღმოსავლეთ კანადითა და დასავლეთ ევროპით; სწორედ აქ მიმდინარეობდა პანგეის დაშლის ფინალური ეტაპი.
ეს გახლავთ რეგიონი, რომლის საფუძველზეც დედამიწის მეცნიერთა დიდი ნაწილი წარმატებით სწავლობს სხვა რეგიონების კონტინენტთა შემადგენლობას.
როდესაც ჩრდილოეთ ატლანტიკამ რღვევა დაიწყო, კონტინენტმა განცალკევება დაიწყო გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. შემდეგში იქ პროცესი შეჩერდა და რღვევა აღმოსავლეთ გრენლადიასა და ევროპას შორის დაიწყო. რატომ?
ამ და სხვა ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ალექსანდერ ლუის ფისმა და მისმა ორმა კოლეგამ, დედამიწის მეცნიერების მრავალი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ 30 სხვა მეცნიერთან ერთად, ჩრდილოეთ ატლანტიკის სამუშაო ჯგუფი შექმნეს.
მკვლევართა ჯგუფში შედიან გეოფიზიკოსები, გეოქიმიკოსები და სხვა მრავალი მეცნიერი, რომლებიც დედამიწის სტრუქტურასა და ევოლუციას სწავლობენ.
ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა, რომლებიც ჩრდილოეთ ატლანტიკაში განვითარებული მოვლენების ირგვლივ დიდხანს პასუხგაუცემელ კითხვებს ახალ მოდელს სთავაზობს.
სტრუქტურული მემკვიდრეობა
ჯგუფმა თავი მოუყარა მრავალი ტიპის მონაცემს და პრობლემას მრავალი კუთხიდან შეუტია. მათი დასკვნით, ყველაზე მნიშვნელოვან გეოლოგიურ მოვლენებზე ძლიერი გავლენა მოახდინა ადრეულმა აქტივობამ, პროცესმა, რომელსაც „მემკვიდრეობას“ უწოდებენ.
დედამიწის მთელი ისტორიის განმავლობაში, კონტინენტური ხმელეთის მასები რამდენჯერმე გაერთიანდა და შემდეგ თანდათან ისევ დანაწევრდა.
გაერთიანებისა და შემდგომი დანაწევრების ამ პროცესს „სუპერკონტინენტურ ციკლს“ უწოდებენ. ყველა ასეთი მოვლენის კვალი შემორჩენილია ნაპრალებსა და სისუსტის ხაზებში.
ხელახლა გაერთიანებისას, ის შემდეგ კვლავ ძველი სტრუქტურების გასწვრივ იხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესის შესახებ მეცნიერები ფილების ტექტონიკის თეორიის გაჩენისთანავე მიუთითებდნენ, მხოლოდ ახლაღა ხდება ნათელი, რამდენად მნიშვნელოვანი და შორსმიმავალია ის.
ყველაზე დიდ მასშტაბზე, ნაპრალი, რომელმაც ჩრდილოეთ ატლანტიკა წარმოქმნა, პირველად გრენლანდიის დასავლეთიდ გაჩნდა. იქ ის შეხვდა უძველეს მთათა სარტყელს, რომელიც არ დაიშალა.
ნაკლები წინააღმდეგობა იყო გრენლანდიის აღმოსავლეთით, რომელიც ელვა შესაკრავივით გაიხსნა, თანდათან გაფართოვდა და წარმოქმნა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი.
გარდა ამისა, ფილების ტექტონიკის ამ წინა ციკლების ნარჩენები შემორჩა დედამიწის მანტიის სიღრმეში, რომელიც ადვილად დნება, რაც დიდწილად ხსნის რღვევის თანმხლები გამდნარი ქანების ფართო გავრცელებას.
ყველაზე მცირე მასშტაბზე კი, როგორც ჩანს, კონტინენტურ საზღვრებზე დარჩენილ ნახშირწყალბადთა შემცველ აუზებზე გავლენა ასევე მოახდინა წინა მოვლენებმა.
ამ ყველაფრის დიდი ნაწილის შესახებ ვიცით ნავთობისა და გაზის ძებნიდან. ყველაზე დეტალური ცნობები კი მომდინარეობს სანაპირო ზონებიდან, სადაც ნავთობს იღებენ. 1960-იანი წლების შემდეგ შექმნილმა ტექნოლოგიებმა ოკეანეების ფსკერის უკეთესი სკანირება გახადა შესაძლებელი.
კუნძულ ნიუფაუნდლენდის ჩრდილოეთით შეუსწავლელი დიდწილად იმიტომ დარჩა, რომ იქ ნავთობს არ ეძებდნენ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.