როგორ ადის დედამიწიდან ცაში ადამიანთა საქმიანობით გამოყოფილი ნახშირორჟანგი — NASA-ს ახალი ვიდეო #1tvმეცნიერება
15:45, 01.08.2024
კაცობრიობის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი (CO2) პლანეტას ათბობს და სიცოცხლეს არაკომფორტულს ხდის, ზოგიერთ რეგიონში კი სრულიად გაუსაძლისს. ივლისში, პლანეტაზე ზედიზედ დაფიქსირდა ყველაზე ცხელი დღეები აღრიცხულთა შორის.
სათბურის აირთა ემისიები NASA-მ რუკაზე დაიტანა. ვიდეო შთამბეჭდავია და შეიძლება, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს, რამდენად აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა.
NASA-ს სამეცნიერო ვიზუალიზაციის სტუდია აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ასახავს, როგორ გადააქვს ქარსა და ჰაერის ნაკადებს გამოყოფილი CO2 დედამიწის ატმოსფეროს გარშემო 2020 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში. ვიდეო მაღალი რეზოლუციისაა და აჩვენებს ნახშირორჟანგის ცალკეულ წყაროებსაც, მათ შორის ელექტროსადგურებს და ტყის ხანძრებს.
„ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და მეცნიერები, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ, საიდან მოდის ნახშირბადი და რა გავლენას ახდენს ის პლანეტაზე. აქ თქვენ ხედავთ, ყველაფერი როგორ ერთმანეთთან არის გადახლართული ამინდის სხვადასხვა მახასიათებელთა მიერ“, — ამბობს NASA-ს კლიმატური მეცნიერი ლესლი ოტი.
ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის ნახშირორჟანგის ემისია, შედეგებს მაინც ყველა ვიმკით. თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული გლობალური განსხვავებები.
ყველაზე მეტი ნახშირორჟანგი ამოდის აშშ-ის, სამხრეთ აზიისა და ჩინეთის თავზე, ძირითადად მრეწველობიდან, ელექტროსადგურებიდან და ტრანსპორტიდან. თუმცა, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის თავზე, ემისიების უდიდესი ნაწილი ამოდის წვის შედეგად, მათ შორის ტყის ხანძრებისა და სასოფლო-სამეურნეო გადაწვის, მიწის მოსუფთავების. ემისიები ასევე მოდის წიაღისეული საწვავის, მაგალითად, ნავთობისა და ქვანახშირის წვის შედეგად.
ვიდეოგამოსახულება რამდენიმე მიზეზის გამო პულსირებს. ტყის ხანძრები ძირითადად დღისით მძვინვარებს, ღამე კი სუსტდება. ამას გარდა, ხეები და მცენარეები ფოტოსინთეზს დღისით ახდენენ, რა დროსაც ჟანგბადს გამოყოფენ და ნახშირორჟანგს შთანთქავენ. ნახშირბადი ხმელეთის მასებსა და ოკეანეებში შთაინთქმება.
ვიზუალიზაცია ეფუძნება NASA-ს გოდარდის დედამიწაზე დაკვირვების სისტემა GEOS-ის მონაცემებს. ეს გახლავთ ინტეგრირებული სისტემა დედამიწის ატმოსფეროს, ოკეანისა და ხმელეთის სისტემების მოდელირებისთვის.
NASA მას მაღალი რეზოლუციის ამინდის ანალიზის მოდელს უწოდებს და ატმოსფეროში მიმდინარე ამბების ვიზუალიზაციისთვის სუპერკომპიუტერებს იყენებს.
დაინტერესებულ მკითხველს ვიზუალიზაციების ჩამოტვირთვა სამეცნიერო ვიზუალიზაციის სტუდიის ვებგვერდიდან შეუძლია.