რობოტი სოფია საქართველოში [ფოტო]
რობოტი სოფია საქართველოში [ფოტო]

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოშია.

რობოტი სოფია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ის სამიტის მონაწილეებს მიესალმა, შემდეგ კი ჩაერთო საპანელო დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ. სოფიამ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობას დაუთმო.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რობოტმა სოფიამ განაცხადა, რომ მოსწონს საქართველოში ყოფნა.

„მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა. შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა“, – განაცხადა სოფიამ.

სოფია აგრეთვე ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეხვდება.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.