„ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტს თბილისში ჰუმანოიდი რობოტი სოფია დაესწრება

13:45, 07.07.2018

თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტის სტუმრებს შორის ჰუმანოიდი რობოტი სოფია იქნება.

როგორც პირველ არხს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რობოტი სოფია გაერო-ს ეგიდით ჩამოდის, როგორც კეთილი ნების ელჩი.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, სოფია მონაწილეობას მიიღებს 18 ივლისს დაგეგმილ დისკუსიაში თემაზე „საჯარო სამსახურის ინოვაციები“.

სოფია – მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქეა. ის საზოგადოებას პირველად 2016 წელს წარუდგინეს. OGP-ს სამიტს ის გაეროს ორგანიზებით, გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით ეწვევა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივა 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობს.

OGP-ს მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს. თბილისში 17-19 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების მასპინძელიც იუსტიციის სამინისტროა.

მსგავსი