რობინ ვაგენერი - ხალხმა უნდა გამოხატოს ნება და რაც უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ჩვენ ამას პატივს ვცემთ
რობინ ვაგენერი - ხალხმა უნდა გამოხატოს ნება და რაც უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ჩვენ ამას პატივს ვცემთ

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატების შეფასებით, საქართველოს საარჩევნო პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს.

რობინ ვაგენერის თქმით, საერთაშორისო დონეზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

მისივე განმარტებით, როგორიც უნდა იყოს საქართველოში არჩევნების შედეგი, მას პატივს სცემენ.

„ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ზუსტად ასე უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ ხალხმა უნდა გამოხატოს ნება და რაც უნდა იყოს შედეგი, ჩვენ ამას პატივს ვცემთ, ასეც უნდა იყოს. როდესაც ვლაპარაკობთ სამართლიან არჩევნებზე, საერთაშორისო დონეზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ ასეთი არჩევნების ჩატარება. ეს ალბათ გულისხმობს ამ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართვას.

სადამკვირვებლო მისიებს მხარში დაუდგება როგორც გერმანიის მთავრობა, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებიც. სხვათა შორის, ჩვენ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ჩვენ ვსაუბრობდით თანამშრომლობის გაგრძელებაზე და ეს იქნება დამოკიდებული ქართველი ხალხის არჩევანზე. ანუ, აირჩევთ ევროპის გზას, თუ მოიშორებთ ამ კანონს და სხვა ნეგატიურ დამოკიდებულებას, შეგვიძლია გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა რობინ ვაგენერმა.

კნუტ აბრაჰამმა ასევე აღნიშნა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გრძელვადიანი, პროფესიონალური დაკვირვება საარჩევნო პროცესზე და ეს უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ეუთო-ს, არამედ ევროსაბჭოს და სხვადასხვა ქვეყნის მიერ.

„ეს ხდება ყველგან, გერმანიაშიც. უბრალოდ, საქართველოში მაღალია ამის რელევანტურობა. ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც მოვა, აუცილებლად უნდა სცეს პატივი ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.

ამავდროულად, ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა განაცხადა, რომ შესაძლო სანქციები არჩევნების შედეგებზე არ არის დამოკიდებული. მისი განმარტებით, სანქციების საფუძველი შეიძლება იყოს მთავრობის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

„შესაძლო სამომავლო სანქციები რეალურად არ არის არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული. არჩევნების შედეგები არის ხალხის არჩევანი და რასაც აირჩევს, ის არის. ამაზე არ არის სანქციები დამოკიდებული. სანქციები შეიძლება მოჰყვეს მთავრობის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არსებობს ჟურნალისტებზე ზეწოლა, მთავრობიდან მომდინარე ზეწოლა. ეს შეიძლება გახდეს სანქციების საფუძველი“, – აღნიშნა თომას ჰაკერმა.