რობ პორტმანი - საქართველო აგრძელებს გზას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც აშშ მხარს უჭერს
რობ პორტმანი - საქართველო აგრძელებს გზას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც აშშ მხარს უჭერს

საქართველო აგრძელებს გზას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც აშშ მხარს უჭერს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, გადადგას ნაბიჯები ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას.

„აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. გვესმის, რომ უნდა გაგრძელდეს ის კურსი აშშ-ის მხრიდან, რომელიც არჩეული იქნა 30 წლის წინ. 30 წლის განმავლობაში ვხედავდით მის განხორციელებას, როდესაც შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს გულისხმობს, ამავე დროს, აშშ-ის მხარდაჭერას, რომ საქართველომ შეძლოს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების უზრუნველყოფა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქართველო აგრძელებს გზას თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, ჩვენ წარმოვადგენთ ორპარტიულ დელეგაციას აშშ-დან. მეც და სენატორი შაჰინიც გახლავართ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სენატში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის ამ მხრივ ხედვებში განსხვავება არ არის“, – განაცხადა რობ პორტმანმა.

​როგორც ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, ჯინ შაჰინსა და თავად მას მიაჩნიათ, რომ საქართველო არის მეგობარი ქვეყანა და მასთან აშშ-ს განსაკუთრებული კავშირი აქვს.

„სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო არის მეგობარი და საქართველოსთან გვაქვს განსაკუთრებული კავშირი. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის დაწინაურებისა და გაუმჯობესების გზაზე, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე მოქმედი ეკონომიკით, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მის მოქალაქეებს. როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, ახლა ის დროა, როდესაც რუსეთი საქართველოს და სხვა სახელმწიფოებს ხელს უშლის ამაში. იგი ახდენს ზეწოლას უკრაინაზე, ბელარუსზე. საქართველოში დილას გვქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გვეხილა ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა. ვნახეთ, როგორ არღვევს რუსეთი ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი რამდენიმე წლის წინ, რომლის ფარგლებშიც, უნდა მომხდარიყო ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ კი ვხედავთ სულ სხვა რამეს. საქართველოში გადმოსვლის უფლება არ ეძლევათ ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა პორტმანმა.

ამასთან, რობ პორტმანის თქმით, დღეს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ამასთან, აღნიშნა, რომ სენატორები პრესკონფერენციის შემდეგ შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. დამკვირვებლებმა გაგვიზიარეს თავიანთი მდგომარეობა. გვითხრეს, რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა და ზღუდავენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკვირვების მიზნით. ჩვენ უშუალოდ ვიხილეთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ დღის დასაწყისი, ხოლო ჩვენი დღე კი, საკმაოდ გრძელი გამოდგა. შევხვდით საელჩოს წარმომადგენლებს. ელჩ დეგნანს და მის გუნდს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზებული შეხვედრისთვის. ასევე შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთანაც განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება. მათ დაადასტურეს მხარდაჭერა შემდგომი მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. გვქონდა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოში საარჩევნო სისტემისა და სასამართლო რეფორმის შემდგომ ჩატარებას. ასევე გვქონდა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებთან. შუადღისას, შევხვდით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტში, ხოლო ჩვენი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შევხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც ხედავთ, საკმაოდ დატვირთული განრიგი გვაქვს საქართველოში, თუმცა ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს დამოკიდებულებს ქვეყნისადმი. მინდა, აღვნიშნო, რაოდენ დიდად ვუჭერთ მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. მიმაჩნია აგრეთვე, რომ საქართველო არა მხოლოდ აპლიკანტი ქვეყანა უნდა იყოს, ასპირანტი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა რობ პორტმანმა.