რიო დე ჟანეიროში ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის შენობა იწვის [ფოტო/ვიდეო]

რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის შენობაში ხანძარია.

ცეცხლი თითქმის მთელ შენობაშია გავრცელებული.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათია ვერ ხერხდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეები ცდილობენ, ცეცხლმა შენობის იმ ნაწილამდე არ მიაღწიოს, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება.

200-წლიანი ისტორიის შენობაში 20 მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება. ის უძველესი სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების ნაგებობაა ბრაზილიაში.

შენობა 1818 წელს ააგეს და თავდაპირველად პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენდა.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. მიშელ ტემერის თქმით, ყველა ბრაზილიელისთვის სამწუხარო დღეა.

„200-წლიანი მუშაობა, კვლევა და ცოდნა დაიკარგა“, – წერს მიშელ ტემერი „ტვიტერზე“.

როგორც ადგილობრივი მედია ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.