რიმა ბერაძე - რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა, ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს
რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ, ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი შეფასებით, ოპოზიციონერებს უკვე მერამდენედ ეშლებათ არეულობის გეგმა და მათ მოუწოდა, თავი აკონტროლონ.
„საზოგადოება ყოველდღე და უფრო ნათლად ხედავს, როგორ ადვილად კარგავთ დაყენებულ სახეს და ავლენთ საკუთარ თავს. არეულობის საწყის მიზეზს, გამჭვირვალობის კანონს დავუბრუნდეთ – ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კანონი იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი დესტრუქციული ძალების ხელში რეალური მიზნის დასაფარავად. მათი აზრით, ამ კანონის რუსულად შეფუთვა ყველაზე მარტივი სამანიპულაციო საშუალება იქნებოდა მასების „გასაბრაზებლად“. ეს ნაწილობრივ მოახერხეთ, მაგრამ ცოტა ხნით. ნელ-ნელა საზოგადოება რწმუნდება სინამდვილეში, რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესების გავლენაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან წამოწყებული მთელი ეს პროცესი სინამდვილეში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ როგორმე დაიცვან მილიონობით დაფინანსება, რომელსაც ისინი იღებენ და გაურკვეველი შავბნელი მიზნებისთვის ხარჯავენ.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი ერთადერთია – ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც მზად არის, ნებისმიერ რამეზე წავიდეს, ნებისმიერი დავალება შეასრულოს.
„აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს ის ადამიანები მოუწოდებენ და აძლევენ დირექტივებს, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის მმართველები იყვნენ. ესენი არ იცვლებიან. ამ ყველაფერს ემატება სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა, რომელიც თავის დამკვიდრებას თავისი ყველა გამოსვლისას მხოლოდ შუღლის, დაპირისპირებისა და საზოგადოების პოლარიზებით ცდილობს, ყოვლად ბოროტი ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური უმცირესობა კი მოგვიწოდებს, დავდგეთ არა საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, არამედ მის საპირისპიროდ. რეალურად, ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ, ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და გვინდა ევროპაში დაბრუნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აუცილებლად გამოვნახავთ გზას ამ მიზნების შესასრულებლად. საქართველო ღირსებით და ამაყად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ყველაფერი კი იქნება ქართველი ხალხის ნება და გამოხატულება 2024-ში, რომელსაც გამარჯვებით 26 ოქტომბერს დავაგვირგვინებთ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.