რიმა ბერაძე - შენს ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები როცა არ გახარებს და ყველანაირად ცდილობ, გააუფასურო ან ტყუილებით გადაფარო, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა ქვეყნის მტრობას
რიმა ბერაძე - შენს ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები როცა არ გახარებს და ყველანაირად ცდილობ, გააუფასურო ან ტყუილებით გადაფარო, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა ქვეყნის მტრობას

შენს ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებები როცა არ გახარებს და ყველანაირად ცდილობ, გააუფასურო ან ტყუილებით გადაფარო ეს ყველაფერი, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუარა ქვეყნის მტრობას. ვისაც უკვირს, რატომ უჭერს საზოგადოების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მხარს, მოვუწოდებ, კარგად გაიაზრონ ქვეყანაში მიმდინარე ეს ცვლილებები, რომლებიც საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარეობს და მათ კეთილდღეობაზეა მორგებული. ხალხის ნება ასრულდება და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, პირველი ოქტომბრიდან გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი; მომავალი წლიდან გაიზრდება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულთა ხელფასები; სოციალური პროგრამების დაფინანსება. მისივე თქმით, ასევე იზრდება 70 და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია.

დეპუტატის განცხადებით, სულ მალე დედაქალაქში შემოვა ახალი ავტობუსები, რომელთა სამართავად ქალაქის მერია თავადვე გადაამზადებს მძღოლებს და მათი თვიური ანაზღაურება 2 000-დან 3 000 ლარამდე იქნება.

რიმა ბერაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი. მისივე ინფორმაციით, გაორმაგდა სტუდენტების სტიპენდიებისა და სტიპენდიების მიმღებთა რაოდენობაც.

„უპრეცედენტოა პრემიერის გადაწყვეტილება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით. პრემიერის ამ ინიციატივაზე თანამშრომლობის სურვილი არ გამოხატა რამდენიმე უნივერსიტეტმა, ესენია: თავისუფალი, აგრარული და საქართველოს უნივერსიტეტები, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

დეპუტატის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და სტაბილურობა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

ინფორმაციას სააქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.