რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულება გაფორმდა შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან – Guizhou Highway Engineering Group და China National Technical Import and Export Corporation.
ხელშეკრულებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, კომპანიის Guizhou Highway Engineering Group გენერალური მენეჯერის მოადგილე მუ ჟინვეიმ და კომპანიის China National Technical Import and Export Corporation მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილე იანგ ბინგმა მოაწერეს ხელი.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას 582 777 310 ლარით „აზიის განვითარების ბანკი“ აფინანსებს. ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის ოთხზოლიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას სამი წელი დასჭირდება. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14.7კმ-იანი გზა ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. ამჟამად, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ერთ მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სამუშაოები.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, საერთო ჯამში 5 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და დასაქმებულთა 80 პროცენტი საქართველოს ადგილობრივი მცხოვრები იქნება.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, გააუმჯობესებს ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხს და შეამცირებს მგზავრობის დროს. საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს შემადგენელი კომპანია GHEC 1958 წელს დაფუძნდა, რომელსაც 61-წლიანი გამოცდილება აქვს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში. ბოლო წლებში აღნიშნულმა კომპანიამ (GHEC) 6 000 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა, 1 200 ხიდი და გვირაბი ააშენა. კომპანიას ხიდებისა და გვირაბების მთიან რაიონებში მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. მის მიერაა აშენებული მსოფლიოში ყველაზე მაღალი – ბეიპანცზიანის ხიდი. China National Technical Import and Export Corporation (CNTIC) დაფუძნდა 1952 წელს. მან 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 7 000-ზე მეტი პროექტისთვის შეასრულა საკვანძო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების იმპორტი.