რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა. ახალი, გვირაბები სოფ. უბისასთან და განთიადთან გაიჭრა, მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.
მათვე ინფორმაციით, საერთო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბზე და 39 ხიდზე მიმდინარეობს.აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გასულ თვეს, ხევის-უბისას მონაკვეთზე სოფ.ხევთან პირველი 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.
„რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი.
საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება რვა საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი“, -აცხადებენ სამინისტროში.