აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები დაათვალიერა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე 9 კმ-იანი გვირაბის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებითან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

„ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის  გზა, ხუთი ხიდი, ხუთი გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს. ამ დროისთვის, ხუთი გვირაბიდან უკვე გაიჭრა ორი გვირაბი, ხოლო ყველაზე გრძელი – 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი უკვე 8 კმ და 100 მ-ზეა გაჭრილი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება დანარჩენ გვირაბებსა და ხიდებზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროექტი, რომელიც წარმოადგენს ყველა დაგროვილ გამოწვევაზე კომპლექსურ პასუხს, ვითარდება ინტენსიური სამუშაოების ფონზე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონული კავშირისთვის, ისე საერთაშორისო რეგიონული თვალსაზრისით.

„შთამბეჭდავი პროცესია ამ ისტორიული პროექტის 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები, სადაც მომდევნო წელს დაიწყება ელექტრო, მექანიკური, უსაფრთხოების და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემების მონტაჟიც. პარალელურად, იჭრება სათადარიგო საევაკუაციო გვირაბი, გრძელდება მისასვლელი გზის, ხიდების მშენებლობაც“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა აღნიშნა, აღფრთოვანებულია იმ შესანიშნავი წინსვლით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან – ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ქვეშეთი-კობის გზის ინფრასტრუქტურულ პროექტს და გვენახა გვირაბის გაყვანის სამუშაოები. გვირაბის დიდი ნაწილი გაბურღულია და სამუშაოები დასრულდება მომავალი წლის თებერვალში“, – განაცხადაევგენი ჟუკოვმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM – Tunnel Boring Machine) წარმოებს.

„ამ ეტაპზე სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში – ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.

პროექტის დასრულების შემდეგ კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება. უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას, ერთი საათის ნაცვლად, 15 წუთი დასჭირდება“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.