რევაზ არველაძე - არც გედევან ფოფხაძის გამოსვლა მომეწონა და არც ირაკლი კობახიძის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში ცვლილებებსა და დიდ ექსცესებს არ ელოდება.
როგორც ჟურნალისტებს არველაძემ განუცხადა, აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია და საკითხი მმართველ გუნდში უთანხმოებად არ ღირს.
„საბჭოთა კავშირის დროს ისე იყო, რომ ყველას პირი უთოთი გადავლილი უნდა ჰქონოდა და რასაც ერთი კაცი იტყოდა, ყველას ისე უნდა ეფიქრა და ეაზროვნა.
აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია. არ მომწონს, როცა ეს ყველაფერი პლენარულ სხდომაზე ხდება და ტელევიზიებით მიმდინარეობს. არც ერთი და არც მეორე გამოსვლა არ მომეწონა. საუბარი იმაზე, რომ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს, სწორი არ იქნება“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
მისი შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ფიგურა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა და მასთან პარტიაში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა იმართება.
„რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ის პარტიის თავმჯდომარეა. წამყვანი ფიგურაა და როგორც ვიცი, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს. პარტიაში მოდის და ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობა გვაქვს. არც გედევან ფოფხაძის გამოსვლა მომეწონა, როცა განაცხადა, რომ კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობას დატოვებდა და არც ირაკლი კობახიძის გამოსვლა მომეწონა, სადაც თქვა, რომ გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა არველაძემ.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყება არ გამორიცხა.