Reuters - მაიკ პომპეომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო
სააგენტო Reuters-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის შესახებ წერს. სააგენტო ყურადღებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რუსეთისადმი მიმართვაზე ამახვილებს.
„მაიკ პომპეომ საქართველოსთან ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო და რუსეთს მოუწოდა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, გაიყვანოს სამხედრო ძალები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან“, – ნათქვამია Reiters-ის სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარატამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სხდომაზე, ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს მიწის ოკუპაცია და რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერია.
„პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა, რუსეთის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებული საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და რეგიონისთვის“, – წერს Reuters-ი.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ბიზნესის მონაწილეობა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის პორტი, კიდევ უფრო გაზრდის რეგიონისადმი ინტერესს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების ვიდეო Washington Post-მაც გაავრცელა. ამ შემთხვევაში ყურადღება რუსეთის მიმართ საქართველოდან სამხედრო შენაერთების გაყვანაზე კეთდება.