Reuters - ათენი და სკოპიე მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებას 17 ივნისს მოაწერენ ხელს
ათენი და სკოპიე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებას 17 ივნისს მოაწერენ ხელს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, შეთანხმება, რომელსაც ორივე ქვეყანაში ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, პრესპესის რეგიონში, საბერძნეთის, მაკედონიისა და ალბანეთის საზღვარზე გაფორმდება.
შეგახსენებთ, ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის ახალი სახელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. თუმცა მაკედონიის პრეზიდენტი გეორგე ივანოვი აცხადებს, რომ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ოპოზიცია კი მთავრობას უნდობლობის გამოცხადებით ემუქრება.
საბერძნეთსა და მაკედონიას შორის აღნიშნულ საკითხზე დავა 1991 წლიდან გრძელდება, მას შემდეგ, რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. უთანხმოების გამო, საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.