„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი - მთავრობასთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დახურული სივრცეებიც გაიხსნას, დაგეგმილია დადებითი ნაბიჯების გადადგმა
მთავრობასთან მიდის აქტიური მუშაობა იმის შესახებ, რომ რაღაც პერიოდის მერე, როდესაც მოგვცემს ეპიდსიტუაცია საშუალებას, უკვე დახურულ სივრცეებშიც გადავინაცვლებთ და ამ თვალსაზრისით, დადებითი ნაბიჯების სერია არის დაგეგმილი, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ხვალ, რესტორნების გახსნა საკმაოდ რთულ ვითარებაში ხდება.
„საკმაოდ რთულ ვერსიაში ვიხსნებით. შაბათ-კვირას მუშაობა აკრძალულია. კომენდანტის საათის გამო ფაქტობრივად 19:00 საათზე გვიწევს დახურვა, სიცივეა და ღია სივრცეში, თებერვალში, როდესაც ღამე ძალიან ცივა, რთული პირობებია. პოზიტივია ის, რომ რაღაცით წინ წავედით და მთავრობასთან მიდის აქტიური მუშაობა იმის შესახებ, რომ რაღაც პერიოდის მერე, როდესაც მოგვცემს ეპიდსიტუაცია საშუალებას, უკვე დახურულ სივრცეებშიც გადავინაცვლებთ და ამ თვალსაზრისით, დადებითი ნაბიჯების სერია არის დაგეგმილი. რაც შეეხება რეგულაციებს, ეს ყველაფერი არის იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც აქამდეც მოქმედებდა. შედარებით უფრო ლმობიერია, ვიდრე შიდა სივრცეების მიმართ. რასაკვირველია, სიცხის გაზომვა დღის წესრიგშია, ხელების დამუშავება. მენიუს შემთხვევაში, ან ერთჯერადი უნდა იყოს, ან ელექტრონული ვერსია. დეზობარიერი ქუჩაში რამდენად აპრობირებულია მე არ მაქვს ამაზე კომენტარი, ეს უფრო შიდა სივრცეების თემაშია. ღონისძიებები, რასაკვირველია დაუშვებელია. პრინციპში ყველაფერი ისეა, რაც წინა გაიდლაინში წერია. თანაც ახლა 19:00 საათზე რომ დაიკეტები, მაინც და მაინც დიდ გასაქანს ვერ ვნახავთ. რაღაც ნაბიჯები თუ არ გადაიდგა შიდა სივრცეებთან დაკავშირებითაც, ჩვენს დღევანდელ გახსნას მაინც და მაინც დიდი აზრი არ აქვს, სომბოლურის გარდა“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.
რაც შეეხება თანამშრომელთა ტესტირებას, „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საკითხზე აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს მთავრობის წარმომადგენლებთან.
„ფაქტობრივად, განადგურებული დარგი ვართ, ისედაც მილიონი ხარჯი გვაქვს, დეზობარიერი იქნება ეს თუ სხვა სანიტარული საშუალებები, ასევე გაზრდილი კომუნალური გადასახადები დაგვაწვა და კიდევ რაღაც დამატებითი ხარჯი, წარმოუდგენელია. ჩვენ ადეკვატურად რომ ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნას და გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ფასები, ესეც გამორიცხულია, იმიტომ რომ მოსულ ადამიანებსაც შემოსავალი ნაკლებად აქვთ. ამიტომ, მიდის კონსულტაციები, რომ პირველ ეტაპზე, რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება მთავრობასთან ერთად მოხდეს სუბსიდირება „კოვიდ-19“-ზე თანამშრომელთა ტესტირების კუთხით. მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. თუ სექტორი გადარჩება, მერე უკვე კაფეები და რესტორნები საკუთარი სახსრებით შეძლებენ თანამშრომლების გატესტვას. საწყის ეტაპზე გამორიცხულია. მომდევნო კვირაში არის რამდენიმე შეხვედრა დაგეგმილი ეკონომიკურ გუნდთან. ჩვენ აქტიურ სამუშაო რეჟიმში ვართ და კონკრეტულ მოდელებს გავდივართ, რა შემთხვევაში, რა საშიშროებაა. შეხვედრაზე დავაყენებთ ასევე, კომენდანტის საათის დროის გადაწევის საკითხს, არის შაბათ-კვირის თემა. იმედი გვაქვს, რომ ბევრი რაღაც შეიცვლება მომდევნო კვირაში“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.