რესტორატორთა ასოციაცია და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
რესტორატორთა ასოციაცია და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რესტორატორთა ასოციაცია და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, შეზღუდვებმა ამ სფეროს დიდი პრობლემები შეუქმნა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ საუბარია, რომ პრემიერთან შეხვედრა ახლო მომავალში ჩაინიშნება.

„ჩვენ მივმართავთ პრემიერს შეხვედრასთან დაკავშირებით, გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს და არის საუბარი, რომ მომავალ დღეებში ჩაინიშნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო წნეხი მოიხსნას არსებულ სიტუაციაში, ბანკებთან ურთიერთობა, რომელიც კაბალურია, მოხდეს ჩარევა, ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. ჩვენი მოთხოვნაა პრობლემებზე ვისაუბროთ. სფეროში პანდემიის პირობებში პრობლემები მუდმივად იყო, მაგრამ გარკვეულწილად სფერო უმკლავდებოდა პრობლემებს, მაგრამ 22:00 საათზე რესტორნების დახურვამ სრულიად შეცვალა ვითარება. აქ მატერიალური ზარალის გარდა არის საუბარი იმ ხალხის უმუშევრად დარჩენაზე, ვინც დასაქმებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები რესტორნების სამუშაო საათების გაზრდასაც ითხოვენ.