რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი რჩება, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი რჩება, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი მკურნალობს.

კლინიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირებული არ მიუღია.

ცხრა პაციენტიდან ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს ამავე დაწესებულების ხუთი ინფიცირებული თანამშრომელი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ჯამში რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდი თანამშრომელი იყო დაინფიცირებული, მათგან ორი უკვე გამოჯანმრთელდა.

„კოვიდ დადასტურებული პაციენტების რიცხვი არის ცხრა. არ გვყავს ახალი პაციენტი. გუშინწინ გადმოვიყვანეთ საკარანტინო ზონიდან ერთი პაციენტი, რომელსაც იქ დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ამ პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთი პაციენტისა. ერთი მართვით სუნთქვაზეა ისევ, თუმცაღა მისი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით, თანდათანობით გაუმჯობესდა. ამჟამად არის სეფსისი, ასევე პნევმონია, დისტრესსინდრომიდან თანდათანობით გამოვიდა ეს პაციენტი.

მედიკოსებს რაც შეეხება, დაგვრჩა ხუთი მედიკოსი სულ. შვიდი იყო და ორი გავუშვით. ხვალისთვის ვფიქრობთ, რომ კიდევ ორს გავუშვებთ, დაგვრჩება სამი. საბედნიეროდ, ჩვენი მედიკოსების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს აქვს პნევმონია, მაგრამ კლინიკურად მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ ნაწილში, სადაც ცხელების ცენტრია განთავსებული, 19 პაციენტი იმყოფება.

მათგან დღეს ცხრა კლინიკას დატოვებს, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები კი ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.