რექს ტილერსონი - თუ რუსეთი არჩევნებში ჩარევას გადაწყვეტს, ამის თავიდან აცილება ძალიან რთული იქნება
თუ რუსეთი არჩევნებში ჩარევას გადაწყვეტს, ამის თავიდან აცილება ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა რექს ტილეროსნმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთი უკვე ცდილობს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ზემოქმედებას.
„არსებობს ბევრი გზა, რომლითაც რუსებს შეუძლიათ არჩევნებში ჩარევა, მრავალი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენება მათ შეუძლიათ. ჩვენ გარკვეულ ქმედებებს უკვე ვხედავთ. მიმდინარე წელს, ამ ნახევარსფეროში მრავალი მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, მათ შორის აშშ-ში“, – განაცხადა ტილერსონმა.
როგორც რექს ტილერსონმა აღნიშნა, თუ მოსკოვი არჩევნებში ჩარევას გადაწყვეტს, ამის თავიდან აცილება ძალიან რთული იქნება.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვუთხრათ რუსეთს: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, რას აკეთებთ, ჩვენ ვხედავთ და თქვენ უნდა გაჩერდეთ. თუ ამას არ იზამთ, ამას თქვენთვის შედეგები მოჰყვება“, – განცხადა ტილერსონმა.
ამავე დროს, სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია, რა შედეგებზეა საუბარი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთი 2018 წლის კონგრესის არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობს.
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.