ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ბრიუსელში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტილერსონი მიხეილ ჯანელიძეს ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
“დღეს პროდუქტიული საუბარი გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორ ქვეყნებს შორის, საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი”, – განაცხადა რექს ტილერსონმა.
ამასთან, როგორც ტილერსონმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას.
„ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს ალიანსის წევრი და არც ერთ მესამე მხარეს არაფერი ეთქმის ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უკვე ათწლეულების განმავლობაში, მტკიცედ გააგრძელებს ნატო-ს მეხუთე პარაგრაფის მხარდაჭერას, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ერთიანი თავდაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, როგორც განსაზღვრულია ნატო-ს ქარტიაში. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე ამას იმ რწმენით, რომ ჩვენი მოკავშირეებიც ასევე მოიქცევიან“, – განაცხადა ტილერსონმა.