„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - მსოფლიოში 2018 წელს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით 80 ჟურნალისტი მოკლეს
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - მსოფლიოში 2018 წელს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით 80 ჟურნალისტი მოკლეს

მსოფლიოში 2018 წელს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, 80 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა.

მოკლული ჟურნალისტების ნახევარზე მეტი ხუთ ქვეყანაზე მოდის, ესენია: ავღანეთი (15 მოკლული ჟურნალისტი), სირია (11 მოკლული ჟურნალისტი), მექსიკა (9 მოკლული ჟურნალისტი), იემენი (8 მოკლული ჟურნალისტი) და ინდოეთი (6 მოკლული ჟურნალისტი). აშშ-ში ივნისში გამოცემა Capital Gazette-ზე რედაქციის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ასევე ემსხვერპლა ექვსი ჟურნალისტის სიცოცხლე.

საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მექსიკა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი, თუმცა მაღალია ჟურნალისტების მკვლელობის მაჩვენებელი. სულ სამხედრო კონფლიქტების ზონებში 2018 წელს 44 ჟურნალისტი გარდაიცვალა.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობამ მიმდინარე წელს უპრეცედენტო დონეს მიაღწია და სიტუაცია ამჟამად კრიტიკულია“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კრისტოფ დელორმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში ამჟამად დაპატიმრებულია 348 ჟურნალისტი. ყველაზე მეტი დაპატიმრებული რეპორტიორია ჩინეთში, ეგვიპტეში, თურქეთში, ირანსა და საუდის არაბეთში.

უფლებადამცველების ანგარიშში მოხვდა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჯამალ ხაშოგისა და სლოვაკეთში მოკლული იან კუციაკის საქმე.