ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - 2022 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - 2022 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა

2022 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთი და ირანი მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად სახელდება და აქ ქალები კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

„გასულ წელთან შედარებით, დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლების ზრდაში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ომის დაწყებიდან რვა ჟურნალისტი დაიღუპა, რითიც უკრაინა მედიის წარმომადგენლებისთვის მსოფლიოში ნომერ მეორე საფრთხის მქონე ქვეყანა გახდა.

პირველ ადგილზე კი მექსიკაა, სადაც წელს 11 ჟურნალისტი მოკლეს. ეს ქვეყანა, ბოლო ოთხი წელია, ყველაზე სახიფათო სახელმწიფოების სიის სათავეშია. მკვლელობების უმეტესობა ჟურნალისტების მიერ წარმოებულ გამოძიებებს უკავშირდება, რომლებსაც ისინი ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობასთან დაკავშირებით აწარმოებდნენ.

28%-ით გაზრდილია დაპატიმრებულ ჟურნალისტთა ოდენობაც. ბოლო ერთ წელიწადში მედიის 533 წარმომადგენელი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მათი ნაწილი ჩინეთსა და ირანში, ასევე ბელარუსის ციხეშია“, – აღნიშნულია ანგარიშში.