„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - მოვუწოდებთ ორივე პარტიის ლიდერებს, დაგმონ მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმები, ხელისუფლებამ ჩაატაროს გამჭირვალე გამოძიება
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება იმ თავდასხმაზე, რომლის დროსაც სულ მცირე ხუთი ჟურნალისტი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„29 სექტემბერს მარნეულში სამთავრობო და ოპოზიციის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ტელევიზიის სამ ჯგუფზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. ჯეიჰუნ მუჰამედ ალი ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხის“ ოთხი ჟურნალისტიდან ერთ-ერთი, დაპირისპირების დროს მიღებული თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირების დროს მისი კამერა და მიკროფონიც დაზიანდა. ასევე თავდასხმა განხორციელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, განადგურებულია მისი კამერა.
მთელი დღის განმავლობაში მმართველ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ინციდენტები ხდებოდა. პოლიციამ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დეტალები არ გასაჯაროებულა“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის, ჟან კაველიეს თქმით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, გააშუქონ საარჩევნო კამპანია ისე, რომ თავად არ გახდნენ სამიზნე.
„მოვუწოდებთ ორივე პარტიის ლიდერებს, დაგმონ ეს თავდასხმები და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს გამჭირვალე და ამომწურავი გამოძიება, რათა მოხდეს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე, დამნაშავეების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია“, – განაცხადა ჟან კაველიემ.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს 2020 წლის მსოფლიო მედია თავისუფლების ინდექსის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საპარალამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჟურნალისტებისთვის მედიაგარემო გაუარესდა და ანგარიშში ქვეყანა 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს.